დეფიციტი, ხარისხის შემცირება, კორუფციის რისკები - რა შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას

„მთავრობის მიერ შემოთავაზებულ არცერთ მარეგულირებელ ქმედებას არ მივესალმებით იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის ეროვნული სააგენტო არ დაადგენს, რომ გარკვეული მონოპოლისტური ტენდენცია ისახება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე“,- ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა სალომე გელაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს რეგულირებებს როგორც წესი, მოჰყვება პროდუქციის დეფიციტი, ხარისხის შემცირება და კორუფციის რისკები.

„მთავრობის მიერ შემოთავაზებულ არცერთ მარეგულირებელ ქმედებას არ მივესალმებით იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის ეროვნული სააგენტო არ დაადგენს, რომ გარკვეული მონოპოლისტური ტენდენცია ისახება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე.

ზოგადად, არსებობს ბაზრები, სადაც სახელმწიფო ჩარევა შეიძლება იყოს გამართლებული იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ფასებზე მოლაპარაკება (ეს როგორც წესი, არის მონოპოლისტური ბაზრები, ბუნებრივი მონოპოლიები, ან ოლიგოპოლიური ბაზრები), სადაც ტენდენციები იკვეთება მონოპოლისტური ქმედების. თუმცა, სურსათის ბაზრები მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში არ წარმოადგენენ ამგვარი ტიპის ბაზრებს. აქ მაქსიმალური სარგებლის მიღება საზოგადოებისთვის და ზოგადად, ჯაჭვის ყველა მონაწილისთვის შეგვიძლია მაშინ, როდესაც ფასები ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე.

როდესაც სახელმწიფო პირდაპირ ან ირიბად, მოლაპარაკების ან სხვა გზით (თხოვნით), ცდილობს ფასები დაარეგულიროს, ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, არა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ყალიბდება ფასი, არამედ რეგულირების საფუძველზე.

ამას, როგორც წესი, და სხვა ქვეყნებიც გამოცდილებაც გვაჩვენებს, მოჰყვება ხოლმე პროდუქციის დეფიციტი, ხარისხის შემცირება, ასევე, ძალიან იზრდება კორუფციის რისკები.

დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს იმ ფაქტმა რომ, როდესაც წონასწორულზე, ანუ საბაზრო ფასზე დაბალი ფასი წესდება (ხელოვნური ფასი), მოთხოვნა იზრდება და მეტ ადამიანს აქვს სურვილი, დაბალ ფასიანი პროდუქტი შეიძინოს. მაგრამ, მიმწოდებლისთვის, პირიქით, დაბალი ფასი არის წარმოების შემცირების სიგნალი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ იმას, რომ მეტია პროდუქციის შეძენის მსურველი და ნაკლებია მიმწოდებელი და წარმოიქმნება ეს დეფიციტი. შედეგად, რაღაც ბრენდის პროდუქცია, რაც შედარებით ძვირად ღირებულია, შეიძლება აღარ იყოს ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, რომ გვყავს სეგმენტი, რომელიც მოიხმარს ამ პროდუქტს.

მეორე, თუ დავუშვებთ, რომ მწარმოებელს არ შეუძლია დააწესოს ის ფასი, რომელსაც ის მიიჩნევს მიზანშეწონილად და რომელსაც უკარნახებს მას ბაზარი, ამ შემთხვევაში, ის ცდილობს, უფრო დაბალი ფასის პირობებში შეამციროს პროდუქციის ხარისხი.

ასევე, შესაძლოა, არაფორმალურად მოხდეს იმ ფასის გადახდა, რომლის მიღებაც სურს მიმწოდებელს, ამ შემთხვევაში, გვაქვს კორუფციის რისკები. ეს არაოფიციალური გარიგება შესაძლოა, შედგეს მყიდველსა და გამყიდველს შორის. როდესაც პროდუქცია არის დეფიციტური და მეტ ადამიანს უნდა მისი შეძენა, ვიდრე ეს შეიძლება არსებული ფასის პირობებში, შესაძლოა, არაფორმალურად მოხდეს პროდუქციის მიყიდვა იმ მყიდველისთვის, რომელიც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს გამყიდველს. ამას ძალიან კარგად ცხადყოფს სხვა ქვეყნების ისტორიაც, თუნდაც, აშშ-ში, სადაც ფასების რეგულირების მცდელობა იყო მედიკამენტებზე, ასევე საწვავზე, სამწუხაროდ, ვერ გამოიღო შედეგი, პირიქით, ფასები გაიზარდა. ჩვენ ასევე გვაქვს საბჭოური გამოცდილება, როდესაც გეგმური ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო წყვეტდა, ვის რა უნდა ეწარმოებინა და რა ფასად გაეყიდა. ისტორიამ ასევე გვიჩვენა, რომ ეს არ არის ოპტიმალური რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეცადოთ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დავნერგოთ და არ გადავუხვიოთ ამ გზას“,- განაცხადა სალომე გელაშვილმა.

ნინი ქეთელაური