ლევან დავითაშვილი - სახელმწიფოს უამრავი გეგმა, მიზანი და ამოცანა აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას

საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის მექანიზმი მართლაც ნულიდან ჩამოყალიბდა. ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი დასრულდა, მაგრამ ამ პროექტით ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა არ მთავრდება, პირიქით, ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით - სახელმწიფოს უამრავი გეგმა, მიზანი და ამოცანა აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი 2018 წლიდან ხორციელდებოდა - მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, დღემდე სულ 186 პროექტი დაფინანსდა, 40 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება და 3000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შექმნილი და მხარდაჭერილი არაერთი ქართული სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და წარმატებით საქმიანობს.

ლევან დავითაშვილმა პროექტის მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა როგორც მსოფლიო ბანკის გუნდს, ისე თავად სტარტაპერებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით მომავალშიც აქტიურ მუშაობას აპირებს.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მსოფლიო სამეულში მყოფი აქსელერატორი - „500 სტარტაპი“ შემოიყვანა, ამ პროგრამის რამდენიმე ეტაპი უკვე წარმატებით დასრულდა და ახალი სტარტაპ-კომპანიების, ინოვაციური იდეების დაფინანსება მომავალში გაგრძელდება.

„გვინდა, მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვიცვათ, ვისაც ინოვაციური იდეები აქვს, ან სურს, თავისი ნიჭი ახალ მიმართულებებს მოახმაროს, დახვეწოს თავისი უნარები. წელს და მომავალ წელს რამდენიმე ათასი დამწყები IT სპეციალისტის მომზადებას ვაპირებთ. პროფესიული კადრების მომზადებითა და სტარტაპ იდეების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ საქართველოში ისეთი კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ცნობითვე, ღონისძიებაზე ასევე სიტყვით მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი გამოვიდა.

პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ ყურადღება ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე - კერძო ინვესტორების ჩართულობასა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე გაამახვილა. მან ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები დააჯილდოვა.