რა შესრულდა და რა - არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებიდან

ექსპერტთა შეფასებით, სავალუტო ფონდის ზოგიერთი რეკომენდაცია არაადეკვატური იყო

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ვიზიტი, მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, თებერვლის ბოლოს დაიწყო და 4 მარტს დასრულდა. სსფ-ის წარმომადგენლები მთავრობის პირველ პირებსა და ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდნენ, ქვეყანაში შექმნილი სავალუტო და ეკონომიკური კრიზისის მიზეზებზე ერთობლივად იმსჯელეს და მთავრობას რეკომენდაციებიც დაუტოვეს.

რა შესრულდა ამ ერთი თვის განმავლობაში სსფ-ის რეკომენდაციებიდან და რა - არა, ამის თაობაზე bpn.ge პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თემურ მაისურაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული დასკვნები საბოლოო ჯამში სწორი იყო, თუმცა, მათ რეკომენდაციებში გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა, ამიტომ ყველა რეკომენდაცია ვერ შესრულდა:

"მე მაგალითად, სსფ-ის მიერ ეროვნული ბანკის ქმედებების დადებითად შეფასება არასწორად მიმაჩნია. ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი დროულად უნდა ჩარეულიყო მოვლენებში, მე ვიყავი, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა მათი რეკომენდაცია, რომ მთავრობამ ხარჯების სწორი მართვა უნდა შეძლოს. რაც შეეხება რეკომენდაციას, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა, არ შესრულდა და ამას მეც ვეთანხმები. საერთოდ, გადასახადების ზრდას ხანმოკლე ეფექტი ახლავს, რომელიც მერე ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში გადასახადები პირიქით, უნდა შემცირდეს, ოღონდ - არა ახლა, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა კრიზისს დავძლევთ და სიტუაცია შედარებით გამოსწორდება", - აღნიშნა თემურ მაისაურაძემ.

მისი შეფასებით, სავალუტო ფონდის ზოგიერთი რეკომენდაცია ჩვენი მთავრობისათვის აბსოლუტურად მისაღები იყო, უფრო მეტიც, მათზე მსჯელობა სსფ-ის მისიის ჩამოსვლამდეც ჰქონდათ.

"სავსებით სწორია სსფ-ის რეკომენდაცია, რომელიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს შეეხება, რადგან ეკონომიკის 5%-იანი ზრდა შექმნილ სიტუაციაში მართლაც არარეალურია. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების ზრდაც გვჭირდება და ეს რეკომენდაციაც მისაღები და ნათელია, მით უმეტეს, რომ საქართველო ცდილობს რეგიონული ჰაბის როლი შეასრულოს. საინვესტიციო პაკეტების რაოდენობა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი, რომ საქართველოს დაეკისროს ჰაბის როლი ჩინეთსა და ევროპას შორის გადაზიდვებში, რომლის საერთო ბრუნვაც 600 მილიონს აღწევს. ჩვენს ეკონომიკურ გუნდში ამ საკითხებზე არაერთხელ გვიმსჯელია", - განაცხადა თემურ მაისურაძემ.

ანალოგიურად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ეკონომიკური განთლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი კრიალაშვილიც.

"სსფ-ის რეკომენდაციებს შორის მართლაც იყო რამდენიმე, რომელსაც ვერ დავეთანხმები. პირველ რიგში, ეს არის რეკომენდაცია გადასახადების გაზრდის შესახებ, რომელიც არ შესრულდა და ვერც შესრულდება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობით გადასახადების გაზრდა შეუძლებელია რეფერენდუმის გარეშე და მეორეც - მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში არ არის საიმისო გარემო, რომ გადასახადები გაიზარდოს. ლაპარაკი იყო საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე, რასაც მარტო მე კი არა, ყველა მიესალმება იმიტომ, რომ სამთავრობო ხარჯებს ჩვენს ბიუჯეტში დიდი წილი აქვს დათმობილი, ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი უნდა შემცირდეს", - აღნიშნა ქეთი კრიალაშვილმა.

ქეთი კრიალაშვილი იმის მიზეზებსაც ასახელებს, თუ რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ რეკომენდაცია გადასახადების გაზრდის თაობაზე.

"თუ გვინდა, რომ ჩვენი ეკონომიკა წინ წავიდეს, პირველ რიგში ბიზნესს უნდა შევუწყოთ ხელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის განვითარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უარესი და უარესი შედეგები გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს. მთავრობას დიდი იმედი ჰქონდა, რომ სავალუტო ფონდი ფინანსურ დახმარებასაც გაგვიწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთის მხრივ, ეს დადებითი მოვლენაა იმიტომ, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ საგარეო ვალი ისედაც ძალიან გაგვიძვირა, ამიტომ, მეტი ვალის დამატება კარგს არაფერს მოგვიტანს. მართალია, სავალუტო ფონდის მისიამ რეკომენდაციები დაგვიტოვა, მაგრამ საქართველოს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ეს გადაწყვეტილებები ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს", - განაცხადა ქეთი კრიალაშვილმა.

გაცილებით მკაცრად და კრიტიკულად აფასებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ”თავისუფალი ეკონომიკური სკოლის” ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე.

"ალბათ იმით უნდა დავიწყოთ, რომ მათი შეფასებები რეალობიდან დაშორებული იყო: ჩემთვისაც გაუგებარია შეფასება, რომ ბოლო თვეებში ეროვნული ბანკი სწორად ასრულებდა თავის ფუნქციებს. ეროვნულმა ბანკმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც დეკემბერში სარეზერვო ფულის მასა გაზარდა, რამაც ხელი შეუწყო ისედაც დასუსტებული ლარის დევალვაციას. მეორე - სსფ-ის მიერ არანაირი მითითება, უბრალო მინიშნებაც კი არ ყოფილა იმაზე, თუ რა უნდა შეცვალოს ეროვნულმა ბანკმა, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვას. ასევე არასწორია აქცენტის გაკეთება საგარეო ფაქტორებზე და შექმნილი კრიზისის ამ მიზეზით ახსნა, ამიტომ ჩემი აზრით, სსფ-ის შეფასებები არაადეკვატური იყო", - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

მისი თქმით, ამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობა საქართველოში ძალიან დიდხანს გაგრძელდა.

"ჩვენ მათ მომსახურებაზე ჯერ კიდევ 2008 წელს ვთქვით უარი, იმ ხანებში მათი ოფისი პრაქტიკულად დაკეტილი იყო და რომ არა აგვისტოს ომი, ისინი აქ არ იმუშავებდნენ. დღესდღეობით კი, საუკეთესო გამოსავალი ის არის, რომ მათი ვალი გავისტუმროთ და უარი ვთქვათ ამ ფონდის მომსახურებაზე. ეს ორგანიზაცია ჩვენთვის საჭირო არ არის, მათი რჩევები კი - ხშირად მიუღებელია. ამიტომ, გონივრულად მოიქცა ესტონეთი, რომელმაც 1992 წელს აიღო მოკლევადიანი სესხი, შექმნა საკუთარი, დამოუკიდებელი სისტემა, შემდეგ გადაიხადა ეს სესხი და სსფ-ის ოფისი ესტონეთში დაკეტა. ამას სულ რაღაც ორი წელი დასჭირდა. მართალია, სავალუტო ფონდი ჩვენთვის სესხებს გამოყოფს და ამ თანხას ეროვნული ბანკი იღებს, მაგრამ როგორ განკარგავს, ეს გაურკვეველია. ამის დასტურად მხოლოდ ერთ შეკითხვას დავსვამ - სად არის ახლა თემურ ბასილია, რომელიც სავალუტო ფონდის საკონტაქტო პირი იყო საქართველოში? - ის იძებნება საეჭვო და კორუფციული გარიგებების გამო. მე მგონი, ეს მაგალითი ბევრ რამეზე მეტყველებს. ისიც ძალიან მაკვირვებს, რომ სსფ-ის წარმომადგენლები უფასო რჩევებსაც გვაძლევენ და ფულსაც, რატომ? - ამაზე პასუხის გაცემა თქვენი მკითხველისათვის მიმინდია”, - აცხადებს პაატა შეშელიძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისია  თბილისს მაისში ეწვევა.

ხათუნა ჩიგოგიძე