Bild: პოლიცია Mercedes-Benz-ში შესაძლო კორუფციულ გარიგებას იძიებს

გერმანელმა სამართალდამცველებმა შტუტგარტში გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Mercedes-Benz-ის ოფისში კორუფციული საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც გაზეთი Bild იტყობინება, საქმე შესაძლოა, მილიონობით ევროს კორუფციულ გარიგებას ეხებოდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „მერსედესის“ ორი თანამშრომელი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. კომპანიამ Bild-ს დაუდასტურა, რომ ამ საქმეში თავად დაზარალებული მხარეა და საჩივარიც მან შეიტანა. შტუტგარტის პროკურატურამ დააკონკრეტა, რომ „ისინი იძიებენ საქმეს ორ პირთან დაკავშირებით, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კორუფციასა და მექრთამეობაში ბიზნესის კეთებისას“. წყაროს ცნობით, ეს არის კომპანიაში ქრთამის აღების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლენილი შემთხვევა.

Bild აღნიშნავს, რომ ეჭვმიტანილებმა მოახერხეს ჭკვიანური ხრიკების გამოყენება გარკვეულ მომწოდებლებთან კონტრაქტის გარანტირებისთვის და ამისთვის „დაჯილდოვდნენ“ კიდეც. ჩხრეკა 16 მარტს, ზინდელფინგენის ოფისში შესყიდვებისა და განვითარების განყოფილებაში ჩატარდა. გამომძიებლებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მობილური ტელეფონი და კომპიუტერები.

Mercedes-Benz-ი ირწმუნება, რომ მხარს უჭერენ სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. ამასთან, Bild-ის ცნობით, გამომძიებლებმა ასევე გაჩხრიკეს მინიმუმ ერთი ეჭვმიტანილის სახლი.

ცნობისთვის, Mercedes-Benz-ის ზინდელფინგენის ოფისში და ქარხანაში დაახლოებით 35 ათასი თანამშრომელი მუშაობს.

კოკა კვირკველია