23-24 მარტს ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის საკითხის განხილვას გეგმავენ

23-24 მარტს ევროკავშირის სამიტის მონაწილეები განიხილავენ ევროკავშირის სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას და უკრაინისთვის 1 მილიონი ჭურვის მიწოდების გეგმას მომდევნო 12 თვის განმავლობაში. სამიტზე ასევე განიხილება გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხი. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებს გაუგზავნა და გამოაქვეყნა ევროპული საბჭოს პრესსამსახურმა.

„თებერვლის ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინაში საბრძოლო მასალის წარმოებისა და მიწოდების გაზრდაზე. ჩვენი მიზანია 12 თვის განმავლობაში მივაწოდოთ კიევს 1 მილიონი ჭურვი და ვუზრუნველყოთ მისი ადეკვატური დაფინანსება. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები ევროპის თავდაცვის მრეწველობის საწარმოო შესაძლებლობების გასაფართოვებლად. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას, დავაკისროთ პასუხისმგებლობა რუსეთს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები და ჩავრთოთ საერთაშორისო საზოგადოება წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი მხარდასაჭერად“, - წერს მიშელი.

მისივე თქმით, სამიტამდე ონლაინ ჩართვა ექნება ასევე უკრაინის პრეზიდენტს. "როგორც ყოველთვის, ჩვენ გამოვუცხადებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინას", - აცხადებს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, სამიტზე განიხილება ენერგორესურსებზე და ელექტროენერგიაზე ფასების შემცირების მცდელობები, მზარდი მიგრაციის კრიზისი, საგარეო ვაჭრობის საკითხები და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო ასპარეზზე. ასევე განიხილება ევროზონის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა ამერიკული Silicon Valley Bank-ისა და შვეიცარული Credit Suisse-ის ბანკების კრახის შემდეგ.

კოკა კვირკველია