„კლინიკის ხელმძღვანელები არიან ძალიან დიდი პრესის ქვეშ, არ გააკეთებ? არ დამეთანხმები? არ შემისრულებ? - პროგრამაში აღარ იქნები ჩასმული“

„კლინიკის ხელმძღვანელები არიან ძალიან დიდი პრესის ქვეშ, არ გააკეთებ? არ დამეთანხმები? არ შემისრულებ? - პროგრამაში აღარ იქნები ჩასმული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კლინიკების მრავალმილიონიან კოვიდხარჯებს ფინანსური პოლიცია იძიებს.

როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, საეჭვოა, რომ დიდ გადაცდომებს ჰქონოდა ადგილი და სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული თანხების „უკან ამოღებასთან“.

„ძალიან კონკრეტულად უნდა ითქვას და არ უნდა მიიჩქმალოს, ვინ ჩაიდინა. მე ეჭვი მეპარება, რომ რაღაც ძალიან დიდი გადაცდომები იყო. ჩვენს ეკონომიკას ნუ შევადარებთ, მაგრამ შეერთებულ შტატებში გათვალეს, რა ზარალი მიადგა დიდ კლინიკებს კოვიდის გამო და კომპენსაციაც კი გადაუხადეს. იმიტომ, რომ კლინიკები ვერ იღებდნენ გეგმურ პაციენტებს და შემოსავალი ძალიან შემცირდა. აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა კომპენსაციაც კი გადაუხადეს.

არ შეიძლება ყველაზე საუბარი, ძალიან კონკრეტულად უნდა ითქვას, რომ - აი, ამ კლინიკის ხელმძღვანელმა, ასეთი რამ ჩაიდინა. ჯერჯერობით, ასეთი ინფორმაცია არ ჩანს. მიდის საუბარი იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა ამოვიღოთ სამედიცინო დაწესებულებებიდან.

კლინიკის ხელმძღვანელები არიან ძალიან დიდი ზეგავლენის და პრესის ქვეშ. არ გააკეთებ, არ დამეთანხმები? არ შემისრულებ? პროგრამაში აღარ იქნები ჩასმული.

რისკები დათვლილია, რაც ამ ნოემბერ-დეკემბერში მოხდა, როდესაც დახურეს იაშვილის კლინიკა?! იაშვილის კლინიკა, რომელიც ფლაგმანია პედიატრიაში. ასე თუ ისე, ყველაზე კარგი კლინიკა დახურეს, რაღაც მიზეზების გამო იმ პერიოდში, როდესაც გვქონდა სეზონური ვირუსების შემოტევა. ასეთი ნიუანსების არგათვლა, ასეთი რისკების არდანახვა...

იყოს რაღაც დარღვევები, მაგრამ ეს დარღვევები უნდა გადათვალო, მოდი დავიწყოთ ნელ-ნელა გამოსწორება, მითუმეტეს იმ პერიოდში, როდესაც გვაქვს შემოტევა ამ ვირუსული ინფექციების. ყველაფერი არის დაკავშირებული რისკების გათვლასთან, ამას რომ გააკეთებ, რა შედეგს მიიღებ. და, შედეგი გვქონდა ძალიან ცუდი, დეკემბერ-იანვარში ბავშვთა ადგილები არ იყო, ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ საავადმყოფოებში და მაგალითი მაქვს, როდესაც თბილისიდან ბავშვი მარნეულში გადაიყვანეს“,- განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ნინი ქეთელაური