აშშ-ში საბანკო კრიზისის მიუხედავად, Fed-მა მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცრა

აშშ-ში საბანკო კრიზისის მიუხედავად, ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაზარდა, ამჯერად 0.25 პროცენტული პუნქტით.

თავისუფალი ბაზრის ფედერალურმა კომიტეტმა განაკვეთის 4.75%-დან 5%-მდე გაზრდას დაუჭირა მხარი, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში კომიტეტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საბანკო სისტემა "მდგრადი და მოქნილია", მაგრამ ბუნდოვნად რჩებოდა, თუ რა მასშტაბის გავლენა ექნებოდა ორი ბანკის კოლაფსს ეკონომიკაზე.

სხდომის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ Fed-ი აგრესიული მონეტარული პოლიტიკის ციკლს ასრულებს და შერბილდა რიტორიკაც - თუ აქამდე გაცხადებული იყო, რომ გაზრდა ინფლაციის მოსათოკად კვლავ საჭირო იქნებოდა, ახლა ფედერალურ რეზერვში ამბობენ, რომ "დამატებითი ზომების" მიღება შეიძლება გახდეს საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ში ორი ბანკი გაკოტრდა, ჯერ კრიპტობანკი Signature Bank, შემდეგ კი ქვეყანაში სიდიდით მე-16-ე Silicon Valley Bank, რასაც არა მარტო ამერიკის საბანკო სექტორზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც ჰქონდა გავლენა და სერიოზული კრიზისის საფრთხე გააჩინა.

სწორედ ამიტომ, ეკონომისტები ნაკლებად მოელოდნენ, რომ ამ სტრესულ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრდებოდა და განაკვეთების 1%-ით დაწევას პროგნოზირებდნენ.

დანარჩენ ბანკებზე ეფექტის გავრცელების შეჩერებისთვის საქმეში უკვე ჩაერთო აშშ-ს ფინანსური რეგულატორი, რომლის თანახმადაც, ყველა კლიენტს საკუთარ დეპოზიტებზე წვდომა აღუდგა.

კახი ჩაკვეტაძე