თბილისში საქართველო-ჰოლანდიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული გარემოს შესწავლა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, საიმონ სმიტის ხელმძღვანელობით დაგეგმილი სავაჭრო მისიის ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ჰოლანდიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

ბიზნესფორუმი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" იმართება და მისი ორგანიზატორები არიან "საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა" და საქართველოში ნიდერლანდების საელჩო.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჰოლანდიურ კომპანიებს შორის. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მონიტორინგის, შეფასებისა და ანალიზის ხელმძღვანელმა დავით შიოლაშვილმა, საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ, ფლორ ნაუტენ ელზინგამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნატო ჩიქოვანმა.

როგორც "საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში" აცხადებენ, დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული გარემოს შესწავლა მათი საქმიანობის სპეციფიკიდან და ინტერესებიდან გამომდინარე და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა თქმით, ფორუმში მონაწილეობას იღებს ცხრა ჰოლანდიური კომპანია, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს – კერძოდ, სოფლის მეურნეობიდან მებოსტნეობა, მეხილეობა, სასათბურე მეურნეობები, საკვები პროდუქტების იმპორტი, ხორცპროდუქტების ფართო სპექტრი, კარტოფილის ნაირსახეობა, ფერმენტები და დანამატები რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის, პრემიქსები და დანამატები მეღორეობისა და მეფრინველეობისთვის, საკვების უსაფრთხოება და ფორთიფიკაცია, ასევე წარმოდგენილი არიან შემდეგი მიმართულებები: საერთაშორისო კონსალთინგი, წყლის მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურა, უსაფთხოების სისტემები და ინვენტარი ავტოსკოლებისთვის.

როგორც "საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ნათია მეფარიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ბიზნესფორუმი იმართება ნიდერლანდების სამეფოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, საიმონ სმიტის ვიზიტის ფარგლებში.

"9 წარმატებული ჰოლანდიური კომპანია ბიზნესდელეგაციის სახით ესტუმრა საქართველოს. დღევანდელი ფორუმი ზუსტად ამის ფარგლებში იმართება. ეს გახლავთ საქართველო-ჰოლანდიის ბიზნესფორუმი, რომლის ორგანიზატორები არიან სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფორუმი, ვინაიდან ჩანს კომპანიების აქტივობა. 153 პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი ამ 9 კომპანიასთან, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ქართული კომპანიების მზაობას საერთაშორისო ბაზრის კუთხით", - განაცხადა მეფარიშვილმა.

მისივე თქმით, ფორუმების მიზანი ზოგადად არის გამოცდილების გაზიარება.

"იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ემზადება, რომ საერთაშორისო ბაზარზე უფრო აქტიურად მოხდეს პროდუქციის ექსპორტი, ამავდროულად ფორუმის მიზანი არის საერთაშორისო ბაზარზე პარტნიორების შეძენა და ვფიქრობთ, ვინაიდან ამხელა ინტერესია ქართული კომპანიების მხრიდან, მსგავსი კონტაქტები დამყარდება", - განაცხადა მეფარიშვილმა და დასძინა, რომ ფორუმი არის ერთდღიანი, თუმცა ვიზიტი გასტანს რამდენიმე დღეს.

"საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის" ინფორმაციით, ბიზნესფორუმში მონაწილეობს 63 ქართული კომპანია და დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჰოლანდიურ კომპანიებს შორის.