ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ზედიზედ მეთერთმეტედ გაამკაცრა

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა, მიუხედავად საბანკო სექტორში არსებული არეულობისა, საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაზარდა და ნიშნულმა 4.25%-ს მიაღწია.

გადაწყვეტილებას 1 დღით ადრე წინ უძღოდა ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც, თებერვალში ქვეყანაში ფასები 10.4%-მდე გაიზარდა წინა თვეში დაფიქსირებული 10.1%-დან.

2021 წლის დეკემბერიდან მოყოლებული ეს განაკვეთების ზრდის ზედიზედ მეთერთმეტე შემთხვევაა.

ცენტრალური ბანკის თანახმად, ქვეყნის საბანკო სექტორი მდგრადია და მზადაა, გააგრძელოს ეკონომიკის დახმარება სხვადასხვა სცენარების გათვალისწინებით, მათ შორის, მაღალი განაკვეთების პერიოდში.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის გამაცრების სტრატეგია გააგრძელა აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმაც და საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაზარდა, ამჯერად 0.25 პროცენტული პუნქტით.

თავისუფალი ბაზრის ფედერალურმა კომიტეტმა განაკვეთის 4.75%-დან 5%-მდე გაზრდას დაუჭირა მხარი, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თუმცა სხდომის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ Fed-ი აგრესიული მონეტარული პოლიტიკის ციკლს ასრულებს და შერბილდა რიტორიკაც - თუ აქამდე გაცხადებული იყო, რომ გაზრდა ინფლაციის მოსათოკად კვლავ საჭირო იქნებოდა, ახლა ფედერალურ რეზერვში ამბობენ, რომ "დამატებითი ზომების" მიღება შეიძლება გახდეს საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ში ორი ბანკი გაკოტრდა, ჯერ კრიპტობანკი Signature Bank, შემდეგ კი ქვეყანაში სიდიდით მე-16-ე Silicon Valley Bank, რასაც არა მარტო ამერიკის საბანკო სექტორზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც ჰქონდა გავლენა და სერიოზული კრიზისის საფრთხე გააჩინა.

სწორედ ამიტომ, ეკონომისტები ნაკლებად მოელოდნენ, რომ ამ სტრესულ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრდებოდა და განაკვეთების 1%-ით დაწევას პროგნოზირებდნენ.

დანარჩენ ბანკებზე ეფექტის გავრცელების შეჩერებისთვის საქმეში უკვე ჩაერთო აშშ-ს ფინანსური რეგულატორი, რომლის თანახმადაც, ყველა კლიენტს საკუთარ დეპოზიტებზე წვდომა აღუდგა.

კახი ჩაკვეტაძე