Bloomberg: აშშ რუს ოლიგარქებთან Credit Suisse-ისა და UBS-ის კავშირებს იძიებს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ამოწმებს ზოგიერთ ბანკს, მათ შორის, შვეიცარიულ Credit Suisse-სა და UBS-ს, რუსი მეწარმეებისთვის სანქციების გვერდის ავლაში შესაძლო დახმარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ბანკები იმ დაწესებულებების ჩამონათვალში მოხვდნენ, რომლებზეც ამ გამოძიების საქმის განხილვა გაიგზავნა. სააგენტოს ცნობით, მსგავსი მოთხოვნები ასევე დაეგზავნა აშშ-ის მსხვილი ბანკების ზოგიერთ თანამშრომელს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მსგავს ზომებს ატარებს, რათა დადგინდეს, ბანკის რომელი თანამშრომელი თანამშრომლობდა კლიენტებთან, რომელთა მიმართაც შემოღებული იყო შემაკავებელი ზომები.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ბანკები დაჯარიმდებიან. ამის მაგალითად გამოდგება 2014 წელს, BNP Paribas ბანკის დაჯარიმება, რომელიც იძულებული გახდა გადაეხადა 9 მილიარდი დოლარი აშშ-ს მიერ სანქცირებულ სუდანურ, ირანულ და კუბურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამო, ხოლო Standard Chartered-მა 2019 წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა, რადგან მისმა თანამშრომელმა აღიარა ირანთან დაკავშირებით აშშ-ს სანქციების გვერდის ავლით დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობა.

შეგახსენებთ, 19 მარტს შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ (მთავრობამ) დაამტკიცა UBS-ის მიერ Credit Suisse-ის შესყიდვა და გარანტიები მისცა ქვეყნის ეროვნულ მარეგულირებელს Credit Suisse-ისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით. გასხვისების გარიგების თანხა 3 მილიარდი ფრანკია (3,24 მილიარდი დოლარი). მანამდე Credit Suisse-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღიარებულია შიდა კონტროლის სისუსტე. ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ულრიხ კორნერმა Bloomberg-თან ინტერვიუში მომხმარებელთა გადინების შესახებაც ისაუბრა. ბანკების შერწყმა სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება.

კოკა კვირკველია