ევროკავშირის ლიდერები მსოფლიოში კავშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი აპირებს გაზარდოს თავისი კონკურენტუნარიანობა მსოფლიოში, გამოიყენოს რა ევროკავშირის ერთიანი ბაზრით სარგებლობის უპირატესობა, დაწიოს მარეგულირებელი ბარიერები და გაზარდოს ინვესტიციები მომავლის ტექნოლოგიებში - ამის შესახებ კავშირის 27 ქვეყნის ლიდერმა განაცხადა.

„ევროკავშირი უზრუნველყოფს თავის კონკურენტუნარიანობას მდგრადობისა და პროდუქტიულობის გაზრდით, დაფინანსების ხელშეწყობით, ხელმისაწვდომი ენერგეტიკისკენ სწრაფვით, სტრატეგიული დამოკიდებულების შემცირებით, მომავლის პროფესიებში ინვესტიციებით და ეკონომიკური, სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზის „მწვანეზე“ გადასვლის ადაპტირებით“, - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ მიღებულ დოკუმენტში.

ევროსაბჭოს საგაზაფხულო სხდომა ტრადიციულად ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ეძღვნება. წელს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა დისკუსიაში აისახა გეოპოლიტიკური სიტუაციის გამწვავება, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან, ისევე როგორც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოკვეთილი „ბებერი კონტინენტის“ კონკურენტუნარიანობის დაქვეითება განვითარებულ სხვა ცენტრებთან შედარებით.

ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის საბჭოს და ევროკომისიას (EC) მოუწოდა გააგრძელონ მუშაობა ყველა ამ ასპექტზე და მოამზადოს მოხსენება პროგრესის შესახებ უკვე ივნისის სამიტისთვის.

ევროპული საბჭო მოუწოდებს გადამწყვეტი ქმედებებისკენ ციფრული ტექნოლოგიებისა და სერვისების ერთიანი ბაზრის შესაქმნელად და ბოლოდროინდელი კრიზისების შედეგად გამოვლენილი სისუსტეების აღმოსაფხვრელად, ბიზნესისთვის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად, როგორც გაერთიანების შიგნით, ისე გლობალურად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ევროპის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს.

ევროპის ეკონომიკის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, ლიდერებმა მოითხოვეს საერთო მარეგულირებელი ჩარჩოს გამარტივება და ადმინისტრაციული ტვირთის შემცირება, მათ შორის, უფრო სწრაფი ნებართვის პროცედურების და ტრანსსასაზღვრო ბიზნესისთვის ბარიერების შემცირება.

ევროპულმა საბჭომ „განსახილველად მიიღო“ ევროკომისიის გეგმა 2023 წლის ზაფხულისთვის შეიქმნას ევროპული სუვერენიტეტის ფონდი სტრატეგიულ სექტორებში ინვესტიციების მხარდასაჭერად.

ამასთან, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ატომურ ენერგიას შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს ევროკავშირის წიაღისეული ენერგიისგან თავის დაღწევაში, მაგრამ ის ვერ ისარგებლებს განახლებადი ენერგიისთვის შემოღებული ყველა პრივილეგიით.

ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ბირთვული სექტორის ზოგიერთ მაღალტექნოლოგიურ ასპექტს შეუძლია მიიღოს მხარდაჭერა ევროკომისიისგან, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა.

”თუმცა, ზოგადად, ატომური ენერგეტიკის სექტორი ვერ ისარგებლებს ყველა უპირატესობით (რომელიც ვრცელდება „მწვანე“ ენერგიაზე ),” - დასძინა მან და განმარტა, რომ ასეთ უპირატესობებს შორის არის ევროკომისიის დაფინანსების მიღება.

ბირთვული ენერგიის მომავლის თემა ახლა აქტუალურია ევროკავშირის მრავალი ქვეყნისთვის: ზოგი თვლის, რომ მათ უნდა დადონ ფსონი ატომურ ელექტროსადგურებზე, რათა შეამცირონ დამოკიდებულება ნახშირწყალბადებზე. ნაწილი კი ამტკიცებს, რომ აქცენტი უნდა იყოს ექსკლუზიურად განახლებად ენერგიაზე.

კოკა კვირკველია