„საქაერონავიგაცია“ - ბილიკი იყო თავისუფალი, მეორე წრეზე წასვლა კი იყო პილოტის გადაწყვეტილება

„საქაერონავიგაცია“ ადასტურებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა, თუმცა უარყოფს გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა“.

„საქაერონავიგაციის“ განმარტებით, დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი და პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება.

„გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა. „საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“,- ნათქვამია განცხადებაში.