„2 მილიონი მსესხებელი რომ გვყავს, პრინციპში ცუდი არ არის - 12%, რომელიც ვერ იხდის ამ ვალდებულებებს, საკმაოდ დიდი რიცხვია“

„2 მილიონი მსესხებელი რომ გვყავს, პრინციპში ცუდი არ არის - 12%, რომელიც ვერ იხდის ამ ვალდებულებებს, საკმაოდ დიდი რიცხვია,“ - ასე ეხმაურება „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კრედიტინფოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 435 ადამიანს აქვს. მსესხებლების 11,7%-ს კი ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

„ის, რომ 2 მილიონი მსესხებელი გვყავს, პრინციპში ცუდი არ არის. ეს ნიშნავს რომ 2 მილიონ ადამიანს წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ფინანსებზე, ვიღაცამ მათ სესხი მისცა და მომავალს იმედით უყურებდნენ. თუმცა, ის 12%, რომელიც ვერ იხდის ამ ვალდებულებებს, საკმაოდ დიდი რიცხვია. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა არასაბანკო/საფინანსო დაწესებულებებზე მოდის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებს მანამდე ბანკის ვალი ალბათ უკვე ჰქონდათ, ვერ გადაიხადეს, სხვა სესხებით სცადეს გადაფარვა და მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც არიან დღეს.

სამწუხაროდ, ფინანსური ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია საქართველოში და ამას კვლევებიც მოწმობს. სწორედ ამით იყო გამოწვეული ეროვნული ბანკის მხრიდან მკაცრი შეზღუდვები. მესმის, რომ ეს კომერციული ბანკებისთვის სულაც არ არის სასიამოვნო, რადგან გაცემული სესხები მათი აქტივია, მაგრამ ამისთვის არსებობს სწორედ რეგულატორი, რომ დაარეგულიროს ეს საკითხები იმ ფინანსური დონიდან გამომდინარე, ვალების გამო თუ ა.შ.

ის რომ მსესხებლების რაოდენობა იზრდება, აჩვენებს, რომ გადატვირთვის ეტაპია კოვიდის შემდეგ. მაღალი ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი ეს არის სწორედ, სესხები გაიცემა ისევ და ერთობლივი მოთხოვნა ბაზარზე არ მცირდება,“- აღნიშნა კეპულაძემ.

თაია არდოტელი