უნივერმაღ "თბილისის" ნაცვლად, თანაინვესტირების ფონდი A კლასის სავაჭრო ცენტრს ააშენებს

ინვესტიცია, რომლის მოცულობა $70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება, ქალაქის ცენტრში წლების მანძილზე უმოქმედო შენობის და გაჩერებული პროექტის განახლებას მოემსახურება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ცნობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ტურიზმისა და უძრავი ქონების საინვესტიციო მიმართულებით მორიგი ინვესტიცია განახორციელა. ფონდმა ჰოლანდიურ საინვესტიციო ჯგუფ "დორიფორისგან" (Doryphore Investment BV) რუსთაველის გამზირზე (N2-4) მდებარე ყოფილი უნივერმაღის შენობა შეისყიდა, სადაც თანამედროვე, A კლასის სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი" განთავსდება.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება და იგი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრში არსებული ძველი კომერციული ფართის რეკონსტრუქციას. A კლასის სავაჭრო ცენტრის ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ² იქნება. შენობის სამხრეთ ნაწილში 300-მდე ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, რაც საგრძნლობლად შეამცირებს ქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას.

"პროექტ "გალერეა თბილისს" ბევრი უპირატესობა გააჩნია. მისი დამტკიცებული დიზაინი უცვლელი რჩება და წამყვან ებრაულ არქიტექტურულ კომპანიას "MOSHE TZUR ARCHITECTS" ეკუთვნის, რომელსაც ევროპის დედაქალაქებში არაერთი წარმატებული არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, სავაჭრო ცენტრის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა - მომხმარებლებისთვის "გალერეა თბილისში" მოხვედრა სხვადასხვა საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. "გალერეა თბილისი" უნიკალურია იმითაც, რომ მის შენობაში "თავისუფალი თეატრი" და "ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი" იქნება ინტეგრირებული. ეს გარემოება ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორთათვის. ზემოაღნიშნული უპირატესობების გათვალისწინებით სავაჭრო ცენტრების ნებისმიერი საერთაშორისო ოპერატორისთვის საინტერესო იქნება საქართველოში "გალერეა თბილისის" პროექტის ფარგლებში შემოსვლა", - ნათქვამია განცხადებაში.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების დასკვნით ნაწილზე მუშაობა და მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება. ამავე წლის შემოდგომაზე "გალერეა თბილისი" ოფიციალურად გაიხსნება.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აქტიურად აგრძელებს ინვესტირებას უძრავი ქონებისა და ტურიზმის მიმართულებით.

"ინვესტიცია, რომლის მოცულობა $70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება, ქალაქის ცენტრში წლების მანძილზე უმოქმედო შენობის და გაჩერებული პროექტის განახლებას მოემსახურება. ძველი კონსტრუქციის ჩანაცვლებით "გალერეა თბილისი" სრულყოფს რუსთაველის გამზირის საწყისი მონაკვეთის იერსახეს და უცხოელი ტურისტების მიზიდულობის ახალი ცენტრი გახდება. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების საქმეში. იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას და საერთაშორისო ბრენდების შემოსვლას. პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებზე სხადასხვა პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი ჯამში 1000 ადამიანს გაუტოლდება", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.