მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 10.9%-ით გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 8.1%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მარტის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 49 025 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტის მონაცემები 2011-2014 წლების ამავე პერიოდთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის მარტთან (43 412 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 12.9%-ით, 2012 წლის მარტთან (36 157 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 35.6%-ით, 2013 წლის მარტთან (38 359 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 27.8%-ით და 2014 წლის მარტთან (44 206 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 10.9%-ით დაფიქსირდა.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 8.1%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (12.6%-ით), ისე მეორადი (7.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

2015 წლის მარტის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 1.165 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.051).

"აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (19.1%-ით), ისე მეორადი (9.2%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8 883, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 40 142 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.803 და 1.295 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მარტში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.9%-ს მეორადი, ხოლო 18.1%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2014 წლის მარტში კი - შესაბამისად 83.1% და 16.9%)", - აცხადებენ საჯარო რეესტრში.