„თუ ამოცანა იყო გამჭვირვალობის მიღწევა, ამის გაკეთება სხვაგვარი სამართლებრივი ტექნიკის გამოყენებით იყო შესაძლებელი“- ვიქტორ ყიფიანი „აგენტების კანონპროექტის“ შესახებ

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ ერთგვარი ტესტი, როგორ შეიძლება, გარკვეულ მომენტში იყოს ცდომილება დაშვებული (მოდით ცდომილება დავარქვათ მაინც, დავზოგოთ ხელისუფლება და ინიციატორები), მაგრამ ამავე დროს, ცდომილება დროულად იყოს დანახული და გამოსწორებული“,- ამის შესახებ "ჯეოქეისის" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ ე.წ „აგენტების კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამოცანა იყო გამჭვირვალობის მიღწევა, ამის გაკეთება სხვაგვარი სამართლებრივი ტექნიკის გამოყენებით იყო შესაძლებელი.

„ჯერ ჩვენ ვიხილეთ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც არ დაუკავშირდა მხოლოდ ფორმალურ სტადიას. ეს კანონპროექტი რომ დადგებოდა საპარლამენტო კომიტეტებში განხილვაზე, ამაზე საზოგადოებამ იცოდა წინასწარ.

წინააღმდეგობა სხვადასხვა სერიებს შორის, სწორედ აქ ვლინდება, რომ თითქოსდა, ხელისუფლებას წინასწარ უნდა ეწინასწარმეტყველა, თუ როგორი რეაქცია იქნებოდა ქვეყნის შიგნით და შესაბამისად, ცოტა მოგვიანებით, როდესაც პროცესი ცოტა სიღრმეში შევიდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი რეაგირება იყო ქვეყნის გარედან.

ამ ვითარებაში, როდესაც პროცესები განვითარდა ისე, როგორც განვითარდა თბილისის ქუჩებში და მეტად არასასურველად, ამას დაემატა გარკვეულწილად საერთაშორისო წნეხი. შემდეგ უკვე მოხდა კანონპროექტის გაწვევა და ოდნავ მოგვიანებით, მე ამას რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ვუწოდე, რაც ამ ფაქტორების ერთობლიობით იყო განპირობებული.

მაგრამ, წინააღმდეგობა ზუსტად აქ მესახება, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონპროექტმა თავისი რეპუტაციული ზიანი შემდგარ ფაქტად გახადა, მაინც არ წყდება ამ კანონპროექტის ვარგისიანობა/უვარგისობაზე საუბარი. გულწრფელად გეტყვით, თვითონ კანონპროექტში, სამართლებრივი ტექნიკური თვალსაზრისით, თითქოსდა, საგანგაშო არაფერი იყო (მე ეს ვთქვი და კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩნდი, სოციალურ მედიაში, ამის გამო), მაგრამ სულ სხვა რამის ახსნა მინდოდა.

თუ ამოცანა იყო გამჭვირვალობის მიღწევა, ამის გაკეთება შესაძლებელი იყო სხვაგვარი სამართლებრივი ტექნიკის გამოყენებით. დეტალებში რომ არ შევიდეთ, საქართველოს კანონმდებლობაში არის არაერთი ნორმატიული აქტი, გარკვეული ცვლილებებით, თუ მოდიფიკაციით შეიძლებოდა იგივე ეფექტის მიღწევა და არა იმგვარად, რომ შესულიყო ცალკეული კანონპროექტი. მითუმეტეს, ქართული ცნობიერებისთვის და მენტალიტეტისთვის ასეთი მჭექარე სახელწოდებით - „უცხოური გავლენის აგენტი“. თითქოსდა, ეს ყველაფერი იქნა გამოცდილი, რეაქცია მივიღეთ და დღესაც გრძელდება ამის თაობაზე კამათი, რაც განგრძობად რეჟიმში კვებავს იმ რეპუტაციულ ზიანს, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე ვიწვნიეთ. ჩემი სურვილი იქნება (როდესაც გონიერებაზე და რაციონალიზმზეა საუბარი), ერთხელ და სამუდამოდ ეს საუბრები შეწყდეს.

ერთია, დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობა და მეორეა, არასასურველობა, შეუძლებლობაზე ჩვენ ვთქვით, რომ ის რეაქცია, რაც იყო შიგნით თუ გარეთ, პრინციპში პროგნოზირებადს ხდიდა იმ სურათს, რომ ამოცანის მიღწევა, კანონპროექტის ინიციატორებისთვის იქნებოდა შეუძლებელი. მეორეა არასასურველობა და როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ამოცანის პრიორიტეტების სწორად დალაგება უნდა ხდებოდეს. როდესაც შენ დღის წესრიგში შემოდიხარ ასეთი საკამათო კანონპროექტით, შეიძლება, სიმართლე გარკვეულწილად შენს მხარეს იყოს, მაგრამ სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა, ხშირად დროში ერთმანეთს არ ემთხვევა. როდესაც შენ გაცილებით მეტი პრიორიტეტი გაქვს და მოგეხსენებათ, რომ წლის ბოლოს ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭებას, ასეთ დროს, პროცესის არახელშემწყობი აქცია განახორციელო, ეს უკვე რაციონალიზმს აცდენილია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ ერთგვარი ტესტი, როგორ შეიძლება გარკვეულ მომენტში, იყოს ცდომილება დაშვებული (მოდით ცდომილება დავარქვათ მაინც, დავზოგოთ ხელისუფლება და ინიციატორები), მაგრამ ამავე დროს, ცდომილება დროულად იყოს დანახული და გამოსწორებული“,- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ნინი ქეთელაური