უწყებათაშორისმა საბჭომ „საქსტატის“ 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დაამტკიცა

„საქსტატში“ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა - გოგიტა თოდრაძემ, განსახილველად წარადგინა 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების 2022 წლის შესრულების წლიური ანგარიში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო ავრცელებს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭო საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ევალება ოფიციალური სტატისტიკის სისტემის 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიის, ასევე შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და მისი შესრულების ანგარიშების დამტკიცება.

„საბჭო, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს, თორმეტი წევრისგან შედგება და აერთიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და ცხრა სამინისტროს წარმომადგენელს, მინისტრის მოადგილეების დონეზე.

„საქსტატის“ 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავებული იყო პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად და ის ითვალისწინებდა 3 მიზანს, 11 ამოცანასა და 70 აქტივობას. გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს დეტალურად წარუდგინა ინფორმაცია თითოეული მიზნითა და ამოცანებით განსაზღვრული აქტივობების შესრულების შესახებ, პასუხისმგებელი უწყებების, საჭირო ბიუჯეტისა და შესრულების ვადების მითითებით.

უწყებათაშორისმა საბჭომ 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული 2022 წლის შესრულების ანგარიში ერთხმად დაამტკიცა. ანგარიში განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.