"სტარბაქსი" თანამშრომლების სწავლის საფასურს გადაიხდის

მომდევნო ათი წლის განმავლობაში "სტარბაქსი" სულ მცირე 250 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს 25 ათასი თანამშრომლის განათლებაში.

მსოფლიოში ყავახანების უმსხვილესი ქსელის "სტარბაქსის" ხელმძღვანელთა განცხადებით, კომპანია საკუთარ თანამშრომლებს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ-პროგრამით სწავლას სრულად დაუფინანსებს.

ამერიკული კომპანიის ინიციატივა როგორც სრულ, ისე ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებს შეეხება.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ-პროგრამით განათლების მიღება წელიწადში 150 ათასი დოლარი ღირს. უნივერსიტეტი 49 ონლაინ პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს ბაკალავრზე.

მომდევნო ათი წლის განმავლობაში "სტარბაქსი" სულ მცირე 250 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს 25 ათასი თანამშრომლის განათლებაში.

"სამწუხარო რეალობაა, რომ ბევრი ამერიკელი ვეღარ იღებს უმაღლეს განათლებას, კერძოდ კი ახალგაზრდები, რომელთაც არ აქვთ სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა. ჩვენი თანამშრომლებისთვის 4-წლიანი სწავლის სრული დაფინანსებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ მომავალს. როგორც ერი, უფრო ძლიერი ვართ მაშინ, როცა ყველას აქვს წარმატებისკენ სვლის შესაძლებლობა", - განაცხადა "სტარბაქსის" დამფუძნებელმა ჰოვარდ შულცმა.

"ფორბსის" ინფორმაციით, შულცი ოჯახში პირველი იყო, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო. მისი ამჟამინდელი ქონება 2,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"სტარბაქსის" თანამშრომელთა 70%-ს არა აქვს ბაკალავრის დიპლომი. კომპანიაში ამ დროისთვის 180 ათასი ადამიანია დასაქმებული და "ფორბსის" მსოფლიოს ყველაზე ღირებული ბრენდების რეიტინგში 61-ე ადგილს იკავებს. "ფორბსის" ტოპ კოლეჯების რეიტინგში კი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი 362-ე ადგილზეა.