საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტი თითქმის 1000%-ით გაიზარდა - ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით

საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტი 993.8%-ით ანუ 10,9-ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ყირგიზეთში 44 918 000 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 4 106 700 აშშ დოლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, იმ ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომლის ექსპორტიც განხორციელდა ყირგიზეთში მიმდინარე წელს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 43 170 390 აშშ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 428 120 აშშ დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 338 050 აშშ დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 276 000 აშშ დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 214 360 აშშ დოლარი;
  • კიბოსნაირნი - 171 320 აშშ დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 88 610 აშშ დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 60 930 აშშ დოლარი;
  • ბამბა, მარლა, ბინტები და ანალოგიური ნაწარმი - 34 880 აშშ დოლარი;
  • ხის ნახშირი - 26 880 აშშ დოლარი.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ექსპორტის ზრდის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. წლიურად ექსპორტი 16,2-ჯერ ანუ 1 524%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, თუ 2023 წლის 1-ელ ორ თვეში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა ღირებულებით ნაწილში 43 170 390 აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 2 656 950 აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივად ასეთი ზრდა არ შეინიშნება. გასული წლის იანვარ-თებერვალში ყირგიზეთში საქართველოდან 423 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-თებერვალში - 1 338 ერთეული.

თაია არდოტელი