ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან, იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.

ამასთან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ სამედიცინო პერსონალის იმ ნაწილსაც, ვისი სხვა კლინიკაში გადაყვანაც ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდება.

„ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, იქ შეუძლებელია, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება. ამიტომ, სამედიცინო პერსონალს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში, იმავე პოზიციებზე, იგივე შემოსავლით და თუ ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, იმ პერიოდისთვის გავაგრძელებთ იმავე სახელფასო ანაზღაურების გადახდას. რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას, მოგეხსენებათ, რომ ნაწილის დემონტაჟია აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს შენობა არის 70-იანი წლების დასაწყისში აშენებული. დავტოვებთ ამ შენობის მხოლოდ შედარებით ახალ ნაწილს, სადაც განთავსდება ექიმების ნაწილისა და ადმინისტრაციული პერსონალის კაბინეტები, ხოლო იმ დარჩენილი შენობის მიმდებარედ აშენდება ახალი კლინიკა, რომელიც იქნება იმ სტანდარტების და შესაბამისობის, რაც 2025 წლიდან ყველა კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს.

შენობას ეტაპობრივად უტარდებოდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, კოვიდის პერიოდშიც ჩატარდა კიდევ ერთხელ სარემონტო სამუშაოები და იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ეს შენობა მუდმივი რემონტის რეჟიმში შევინარჩუნოთ და თან დავაკმაყოფილოთ ხარისხისა და ინფექციის კონტროლის ის სტანდარტები, რასაც ჩვენ თვითონ სხვა კლინიკებს ვთხოვთ, აქედან გამომდინარე, ამის აუცილებლობა დადგა“,- განაცხადა აზარაშვილმა.

გარდა ამისა, მან რეორგანიზაციის შესახებ, გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მნიშვნელობაც განმარტა და აღნიშნა, რომ ის ადმინისტრაციას ეხება.

„ეს ბრძანება სამედიცინო პერსონალს არ ეხება, ეს ეხება ადმინისტრაციის პერსონალს. ადმინისტრაციას და სამედიცინო პერსონალს კარგი იქნება თუ გავარჩევთ. ასევე, რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. იმ წერილს კარგად თუ წაიკითხავთ, დეტალურად არის განმარტებული. ის არ გულისხმობს ადამიანების მასობრივად სამსახურიდან გათავისუფლებას.

შევხვდებით, მომდევნო კვირას იქნება დეტალური პრეზენტაცია, სადაც ყველაფერს გავაცნობთ. არაფერი ჩვენ დასამალი არ გვაქვს. ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს და აქ არაფერი დასამალი არ არის“, - განაცხადა აზარაშვილმა.