"რეფორმები ქართულ რეალობას მორგებული კი არა, სუფთა ქართული უნდა იყოს"

"კერძო სექტორსა და მთავრობას შორის კოორდინაციის ნაკლებობაა. ამიტომ, ჩვენი ფუნქციაა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დამაკავშირებელი რგოლი ვიყოთ"

ბიზნესის ხელშემწყობი გარემო, საგადასახადო პოლიტიკა და გადასახადების გამარტივება, საბაჟო ადმინისტრირება, ვაჭრობის ხელშეწყობა/ტრანსპორტის ლოგისტიკა; კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა, სასოფლო-სამეურნეო დაზღვევა, ელექტროენერგიის ვაჭრობის მექანიზმი - ეს ის ძირითადი ჩამონათვალია, რომელთა სარეფორმო სფეროების ფარგლებში მმართველობა განვითარებისთვის (G4G) სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გამართვას და მთავრობის შესაძლებლობათა ზრდას ითვალისწინებს.

G4G USAID-ის ხუთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას რეფორმების გამჭვირვალე და შეუქცევადი განხორციელებისთვის. კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით G4G ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო პოლიტიკის ეფექტურ ფორმულირებას ან რეფორმულირებას. აღნიშნული პროექტი უკვე 6 თვეა, რაც მიმდინარეობს. პროექტის ხელმძღვანელი მაილო სტევანოვიჩი სხვადასხვა დროს მსოფლიოს 9 ქვეყანაში იმყოფებოდა განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებისთვის და მიღწეული შედეგებით კმაყოფილია. bpn.ge-თან საუბარში სტევანოვიჩი იმედოვნებს, რომ ანალოგიურ წარმატებას პროექტი საქართველოშიც მიაღწევს.

- ჩვენი მიზანია მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის საშუალებით ხელი შევუწყოთ მთავრობის მიერ ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკის ეფექტურ ფორმულირებას. ეს პროექტი სხვადასხვა ნაწილს მოიცავს. მათ შორის, წყლისა და ენერგო რესურსების მართვას, კაპიტალის ბაზრების განვითარებას, ვაჭრობის ხელშეწყობას. თუმცა, მთავარია, ყველა სფეროში შედგეს დიალოგი მთავრობასა და კერძო სექტორს შორის. ამ პროცესის ყველა მხარე მოგებულია, რადგან სწორედ ასეთი შეხვედრების დროს მიიღწევა ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებები.

- უკვე 6 თვეა, რაც საქართველოში იმყოფებით, რამდენად მოასწარით ამ დროის განმავლობაში გაცნობოდით ჩვენს ეკონომიკურ გარემოსა და მთავრობის საქმიანობას?

- საქართველოში დამხვდა გუნდი, რომელიც უკვე ათეული წლებია ამ საკითხებზე მუშაობს. მე მიმუშავია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ზოგადად ამ რეგიონში თითქმის ყველა პრობლემა იდენტურია. ამიტომ, ეს 6 თვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ გავცნობოდი და გამეანალიზებინა ქვეყანაში არსებული ძირითადი პრობლემები. აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კვლევა ჩატარდა. ამიტომ, ნებისმიერი ჩვენი რჩევა სწორად კვლევებზე დაყრდნობით იქნება გაცემული. ამ ეტაპზე კერძო სექტორსა და მთავრობას შორის კოორდინაციის ნაკლებობაა. ამიტომ, ჩვენი ფუნქციაა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დამაკავშირებელი რგოლი ვიყოთ. ჩვენ მათ მზა რეცეპტებს არ წარვუდგენთ. ისინი ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ, პოზიციები შეაჯერონ და ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც ქვეყნისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება. შეიძლება ჩვენ გვაქვს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და შეგვიძლია ეს მათ გავუზიაროთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივმა ექსპერტებმა მიიღონ, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები. რეფორმები ქართულ რეალობას კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ სუფთა ქართული უნდა იყოს, ასე ვთქვათ, საქართველოში უნდა "მოიხარშოს".

- თქვენ კოორდინაციის პრობლემა ახსენეთ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, კიდევ რა პრობლემებს გამოყოფდით, რაც დღეს არის ეკონომიკის სექტორში?

- ყველა მხარეს, კონკრეტულ ინდივიდს თავისი მოთხოვნა აქვს. რთულია თითოეული მოთხოვნის გაგება. ჩვენი მიზანია ყველა ინდუსტრიის და ბაზრის ინდივიდების ხმა მივიდეს მთავრობამდე და არა - ბაზრის რომელიმე მთავარი მოთამაშის, რომელიც გარკვეული ზეგავლენით შეიძლება სარგებლობდეს. მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია, მხარეები ამ დიალოგის მნიშვნელობას ხედავენ და ჩვენი პროექტის წარმატებად ჩავთვლი, თუკი მისი დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება. ეს ნამდვილი მიღწევა იქნება. ცნობისთვის, ანალოგიური პროექტი ბალკანეთში გვქონდა, სადაც პროექტის დასრულების შედეგ, მთავრობამ ჩვენი დანერგილი პრაქტიკა როგორც პარადიგმა ისე გამოიყენა ყველა მიმართულებით და ამ რეჟიმში მუშაობა განაგრძეს. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლა მომიწია. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების განვითარებას წარმატებას მოუტანს.

- საქართველოში პირველად ხართ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. უკვე მეორედ ვარ თქვენს ქვეყანაში. პირველად რამდენიმე წლის წინ, როგორც ტურისტი ისე ჩამოვედი. ჰარვარდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კურსელებმა საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. მამა სერბი მყავს, ჩვენსა და ქართველებს შორის ბევრი საერთო თვისება აღმოვაჩინე, რაც ძალიან მახარებს. ძალიან სტუმართმოყვარე, მეგობრული ერი ხართ. ამიტომ, ორმაგად მინდა, რომ ეს პროექტი საქართველოშიც წარმატებული იყოს. ამ ეტაპზე ყველაფარი კარგად მიდის და დარწმუნებული ვარ, იმაზე უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე ბალკანეთში.

სალომე გოგოხია