აბაშის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

220კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,კოლხიდა-1“-ის რეკონსტრუქციის პროექტის გამო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტი მოიცავს დაზიანებული და კოროზირებული საყრდენების შეცვლას ახალი საყრდენებით, აგრეთვე არსებული სადენის გამოცვლას მცირე წონის მაღალგამტარიანობის მქონე სადენით.

ამასთან, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროექტის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანათში მდებარე ელისო მიმინოშვილის საკუთრებაში არსებული 9 403 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი - 28 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. თუმცა, მოლაპარაკების მიუხედავად, მფლობელთან ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

თაია არდოტელი