”მე ვარ რეფინანსირების სესხი, თქვენი ბიძაშვილი - სავალუტო ინტერვენციაა”

”აბსურდია, თითქოს რეფინანსირების სესხის გაცემის გამო დაეცა ლარის კურსი”

გაზეთ ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ რეფინანსირების სესხებზე ისაუბრა. ერთ-ერთ ბოლო აუქციონზე, ეროვნულმა ბანკმა 965 მილიონი ლარი გაყიდა, რითაც ზოგი ექსპერტის შეფასებით ქვეყანაში ფულის მასა გაიზარდა და ლარის კურსი კიდევ უფრო გაუარესდა.

”რაც უფრო ვითარდება ფინანსური სექტორი, უფრო და უფრო რთული ფინანსური ინსტრუმენტები შემოვა ბრუნვაში. შევეცდები, უმარტივესად აგიხსნათ. დავუშვათ, მოგეცით 10 ლარი, თქვენმა ბიძაშვილმა გამოგართვათ 5 ლარი, ხოლო მეზობელმა - 4 ლარი, თქვენ ხომ 1 ლარი დაგრჩათ. წარმოიდგინეთ, მოვიდა მეგობარი და გითხრათ, გიორგიმ ხომ 10 ლარი მოგცათ, მასესხეთო. ცხადია, ვერ ასესხებთ, რადგან რეალურად, მხოლოდ 1 ლარი გაქვთ. ახლა ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, მეზობელი - სახაზინო ვალდებულებები და ბიუჯეტის გავლენაა, ხოლო თქვენ - ფულის მასა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ გვაინტერესებს, რამდენით გაიზარდა ფულის მასა, უნდა შევკრიბოთ როგორც ჩემს მიერ მოცემული, ასევე თქვენი ბიძაშვილისა და მეზობლისგან ამოღებული ფული, ერთობლივად უნდა გავნაშთოთ და ვთქვათ, რომ თქვენ გაქვთ 1 ლარი. რეფინანსირების სესხს აკრიტიკებენ, რადგან ფიქრობენ, ფულის მასა იზრდება იმიტომ, რომ მე მოგეცით 10 ლარი, რაც აბსურდია, თქვენ ხომ 10 ლარის ნაცვლად, მართლაც 1 ლარი გაქვთ? ამიტომ თუ ვსაუბრობთ იმაზე, ხომ არ იზრდება ფულის მასა, რაც ლარის გაუფასურებას იწვევს, მაშინ უნდა შევკრიბოთ როგორც მიწოდების, ასევე ამოღების ინსტრუმენტები და ვნახავთ, რომ ფულის მასა არ გაზრდილა. სარეზერვო ფული, რომელზეც გავლენა გვაქვს, წლიურად, 3%-ითაა გაზრდილი, ეს არის მინიმალურზე მინიმალური. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ერთადერთხელ, 2008 წლის ბოლოს შემცირდა სარეზერვო ფული და შედეგად, 2009 წელს, ეკონომიკა 4%-ით შემცირდა. რაც შეეხება არგუმენტს, რომ რეფინანსირების სესხების სახით, 500 მილიონ ლარს, 700 მილიონ ლარს, ან 900 მილიონ ლარს ვაძლევთ ბანკებს, სადაც თითოეულ ზრდას ან შემცირებას თავისი მიზეზი აქვს, ეს არ არის ფულის მასის ცვლილების ერთადერთი და პირდაპირპროპორციული წყარო. ისევ იმ მაგალითს დავუბრუნდეთ, 10 ლარი მოგეცით, მაგრამ სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, 9 ლარი გამოგართვით. გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რადგან 10 ლარი მოგეცით, თქვენ წახვედით, გადაახურდავეთ და დოლარი იყიდეთ. მთავარი ისაა, რომ სინამდვილეში, 10 ლარი არ გქონიათ. რეფინანსირების სესხების აუქციონი ლიკვიდობის მართვის ერთკვირიანი ინსტრუმენტია. მეტიც, თეორიულად, ერთ კვირაში, საერთოდ განულებაც შეგვიძლია და ამასაც ჩვენს მაგალითზე აგიხსნით. თუ ამ 10 ლარს გამოგართმევთ, თქვენ დაგრჩებათ მინუს 9 ლარი, რაც ნიშნავს, რომ ფულის მასა მილიარდით შევამცირეთ. ეს გამოიწვევს ეკონომიკის არა თუ გაჩერებას, არამედ ლარის შიმშილს. ეს გამოიწვევს იმას, რომ ეკონომიკა უარყოფით ნიშნულზე წავა. აბსურდია, თითქოს რეფინანსირების სესხი გაცემის გამო დაეცა ლარის კურსი. ასეთი განცხადებები და მუდმივად ამ თემის პედალირება, სრულ უცოდინრობას ან მიზანმიმართულ კამპანიას ნიშნავს”, - განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ჟურნალისტის შეკითხვას, რეფინანსირების სესხების აუქციონით, ეროვნული ბანკი ეხმარება თუ არა მთავრობას, რომ საბიუჯეტო დეფიციტი დაფაროს, ანუ სახაზინო ვალდებულებები შეასრულოს, ქადაგიძე ასე პასუხობს: ”ასე ვიტყოდი - ამით ბანკებს საშუალებას ვაძლევთ, მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის პერიოდში, იმდაგვარად დაიჭირონ სხვადასხვა ფასიანი ქაღალდები, ხარჯი მინიმალური იყოს, რათა ჯამში, ეს სესხებზე არ აისახოს. ჩვენი ამოცანაა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების დინამიკა გაგრძელდეს, სესხი იყოს ხელმისაწვდომი და რაც შეიძლება, დაბალგანაკვეთიანი, რაც ჩვენი ეკონომიკის პირობებში, შესაძლებელია. რეფინანსირების ინსტრუმენტის არსი ისაა, ბანკებს შევუმსუბუქოთ ლიკვიდობის მომსახურების ტვირთი, რაც საბოლოოდ, საპროცენტო განაკვეთებზე აისახება. მთავრობა უშვებს სახაზინო ვალდებულებებს, ანუ ფასიან ქაღლადებს შიდა ბაზარზე და ამ ფასიან ქაღალდებს ბანკები ყიდულობენ - არ მიმაჩნია, რომ ეს ორი ინსტრუმენტი ერთად უნდა განვიხილოთ. ეს სრულიად სხვადასხვა ინსტრუმენტებია, რომლებიც რაღაც დონეზე, ერთმანეთს კი კვეთენ, მაგრამ არაპირდაპირპროპორციულად. ბანკებს რეფინანსირების სესხი რომც არ მივცეთ, ისინი სახაზინო ვალდებულებებს მაინც იყიდიან იმ დოზით და იმ ფასად, რასაც და რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან. ზოგადად, როდესაც მაკროეკონომიკაზე, მონეტარულ ან ფისკალურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არანაირი აზრი აქვს, ამოგლეჯილად ერთი ინსტრუმენტის განხილვას, ყველაფერი კომპლექსურად და ერთდროულად უნდა განვიხილოთ. ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ, რადგან ლარის გაუფასურებას კონკრეტული მიზეზი აქვს, რაზეც დასაწყისში უკვე ვისაუბრეთ, სხვა ყველაფერი კი იმ პოლიტიკის გატარებაა ჩვენს მიერ, რაც ამ პროცესის ნეგატიურ გავლენას შეარბილებს”.