გერმანია მოქალაქეობის მიღების გამარტივებას გეგმავს - ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკა იცვლება

გერმანია მზადაა მიიღოს ახალი კანონი, რომელიც უცხოელებს მოქალაქეობის მიღებას გაუმარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CNBC ავრცელებს.

კანონპროექტი კანონმდებლებს მომდევნო თვეებში წარედგინება და რეზიდენტებს საშუალებას მისცემს, მოქალაქეობაზე განაცხადი 5 წლის გასვლის შემდეგ გააკეთონ ნაცვლად აქამდე არსებული 8-წლიანი ვადისა. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანაში ინტეგრაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს, მაგალითად, შეისწავლეს გერმანული ენა, მოქალაქეობის მიღება 3 წელში შეეძლებათ.

ცვლილების შედეგად, არაევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტებს ორმაგ მოქალაქეობაზე შეზღუდვაც მოეხსნებათ, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ აღარ მოუწევთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა. ამჟამად, გერმანიის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის პასპორტის მქონეებსა და იმ ადამიანებს, რომელთა ერთი მშობელი მაინც გერმანიიდანაა.

საიმიგრაციო რეფორმა კანადის ქულათა სისტემას ეფუძნება და გამოცდილ მუშახელს ქვეყანაში შესვლას გაუმარტივებს - აღარ იქნება საჭირო გერმანიაში აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა და სამუშაო გამოცდილებაც საკმარისად ჩაითვლება.

ეს იქნება ყველაზე დიდი ცვლილება მოქალაქეობის მიღების წესებში 2000 წლის შემდეგ, როდესაც იმიგრანტ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს გერმანიის მოქალაქეობა ავტომატურად ენიჭებოდათ.

სამი პარტიისგან შემდგარი სამთავრობო კოალიციის მიერ წარდგენილი სოციალურად პროგრესული პოლიტიკის მიზანია 400,000 უნარიანი უცხოელი მუშახელის მოზიდვა ყოველწლიურად, რათა მოსახლეობის დაბერება და სამუშაო ძალის დეფიციტი დაბალანსდეს.

გერმანიის მოსახლეობამ 2022 წელს 84.3 მილიონს მიაღწია, რაც წმინდა იმიგრაციის და უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობის ზრდითაა განპირობებული. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაინც შრომითი კრიზისია და ასაკოვანი ადამიანები სამსახურებს ტოვებენ.

იანვრის კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების ნახევარს გერმანიაში პოზიციების შევსება უჭირს არაკვალიფიციური მუშახელის გამო.

ამავდროულად, 2020 წლის მონაცემებით, გერმანიაში მოქალაქეობის მინიჭების მაჩვენებელი ყოველ 1,000 კაცზე 1.3-ია, რაც ჩამორჩება ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების საშუალოს - 1.6-სს.

აღსანიშნია ისიც, რომ ამ მომენტისთვის ქვეყანაში გერმანული პასპორტის გარეშე ცხოვრობს 10 მილიონამდე ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 12%-ია. მოქალაქეობის გარეშე მათ არ მიუწვდებათ ხელი იმგვარ პრივილეგიებზე, როგორებიცაა ხმის მიცემის უფლება და გარკვეულ სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობა.

ამ ცვლილებით გერმანია ცდილობს აღიდგინოს რეპუტაცია 16-წლიანი კონსერვატიული მმართველობის შემდეგ და გახდეს უფრო მიმზიდველი უცხოელი მუშაკებისთვის ფართო საერთაშორისო კონკურენციის პირობებში. რვაწლიანი რეზიდენტობის მოთხოვნით, გერმანიის კანონმდებლობა სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად შემზღუდავია. საფრანგეთი და ირლანდია მოქალაქეობის მისაღებად მხოლოდ ხუთ წელს ითხოვენ, თუმცა ესპანეთსა და იტალიაში ამას 10 წელი სჭირდება.

ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ქვეყანაში ახალი ბიზნესების წამოწყებაზეც. კვლევები აჩვენებენ, რომ ახალი ბიზნესის დაარსების სურვილი განსაკუთრებით ძლიერია იმიგრანტ ადამიანებში.

კანონის მიღება მიმდინარე წლის ზაფხულამდე იგეგმება. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს წინააღმდეგობას ოპოზიცია, მათ შორის, „გაერთიანებული ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ გაუწევს, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს გეგმები გერმანიის მოქალაქეობის შემცირებას გამოიწვევს.

თუმცა ქვეყანაში ანტიიმიგრაციული პოლიტიკა სუსტდება, რაზეც მიანიშნებს 2021 წლის ეროვნულ არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამომრჩეველთა მკვეთრი კლება.

კანონმდებლებს მოუწევთ გერმანიის ბიუროკრატიულ აპარატთან დაპირისპირებაც, რომელიც უკვე აჭიანურებს არსებულ განაცხადებს მოქალაქეობის მისაღებად.

გერმანული გაზეთის, Welt am Sonntag-ის ანგარიშის თანახმად, ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 100 000 ადამიანი ელოდება მოქალაქეობის განაცხადის განხილვას, ზოგიერთი განაცხადი 3 წლის წინაც კია შეტანილი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეფორმების შედეგად, შესაძლოა, ახალი განაცხადების რაოდენობა 50%-დან 100%-მდე გაიზარდოს.

კახი ჩაკვეტაძე