„სინამდვილეში რუსეთში ტვირთები ირიბად მესამე ქვეყნების გავლით ხვდება“ - უვლის თუ არა საქართველო სანქციებს გვერდს

სინამდვილეში რუსეთში ტვირთები ირიბად მესამე ქვეყნების გავლით ხვდება - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,newsroom"-ი ეკონომისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა. ეკონომისტი ამბობს, რომ ეს აპრობირებული სქემაა სანქციების გვერდის ავლისთვის.

ცნობისათვის, საქართველოდან ევრაზიული კავშირის ქვეყნებში რეექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი - 1 086,7%-იანი ზრდა ყირგიზეთში ფიქსირდება. ყაზახეთში რეექსპორტი 749%-ით გაიზარდა, სომხეთში 177%-ით, რუსეთში კი 102%-ით.

„რამდენიმე თვის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსეთში კი არა, ყაზახეთსა და სომხეთია ვაჭრობა გაზრდილი. უცნაური და კომიკურია, თვითონაც ვერ მიხვდა და არც არავინ აუხსნა, რომ სწორედ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ სინამდვილეში რუსეთში ტვირთები ირიბად მესამე ქვეყნების გავლით ხვდება. ეჭვს მიღმაა, საღი აზრი ამბობს, რომ ეს არის აწყობილი სქემა, რომ რუსეთში შევიდეს სანქცირებული საქონელი.

ექსპორტთან და რეექსპორტთან ერთად ასევე გაზრდილია პირიქით მოძრაობაც. ეს კი დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში რუსეთში წარმოშობილი პროდუქციაა, რომელიც რუსეთს არ შეუძლია ევროპაში შეიტანოს სანქციების გამო. ამიტომ, ის აკეთებს ექსპორტს ყაზახეთსა და სომხეთში და სხვა საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებში. შემდეგ იქედან საქართველოში შემოდის და ჩვენგან გადის. სამწუხაროდ, ევროპაშიც არიან კომპანიები, რომლებიც ამაზე თვალს ხუჭავენ და მზად არიან იყიდონ რუსეთში წარმოებული პროდუქცია, თუკი ეტიკეტზე ეს არ ეწერება.

ჩვენ ვხედავთ დისკუსიის საჯარო ნაწილს. კულუარებში კი, როგორია ჩვენი ხელისუფლების წევრებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ურთიერთობა, არ ვიცით. შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდი, რომ ჩვენი მხარის არგუმენტი იქნება მარტივი, რომ ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა არავის აუკრძალავს და რატომ უნდა შეწყვიტოს საქართველომ? მართლაც, ამაში არის რაციონალური მარცვალი. უბრალოდ, კონტექსტია მთავარი და ის რომ, კლასიკური შემთხვევაა. ქვეყნის სანქცირება კი, ამ მექანიზმების გამოა რთული. რუსეთი არ რის ამ მხრივ გამონაკლისი. ასეა ირანშიც და ეს სქემები საკმაოდ დახვეწილია ყველგან. სანქციების ეფექტურობა ამ ყველაფრის გამო პრაქტიკაში საკმაოდ დაბალია ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა არსებობდეს. პირიქით, აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტიანობა ვერ იქნება 100%“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

თამარ მუკბანიანი