საქართველოს ბანკების ასოციაცია საბანკო სისტემის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

”დაუშვებლად მიგვაჩნია საბანკო სექტორის, ცალკეული კომერციული ბანკებისა თუ მათი მესაკუთრეების მისამართით უაპელაციო, დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირება”

"საქართველოს ბანკების ასოციაცია" ბოლო პერიოდში საბანკო სისტემის მისამართით გაკეთებული "აშკარად ტენდენციური და ცილისმწამებლური განცხადებების გამო" შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ საუბარია საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს ბანკების ასოციაცია, როგორც ქვეყნის მთავარი საბანკო გაერთიანება, შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში საბანკო სისტემის მისამართით გამოთქმული აშკარად ტენდენციური და ცილისმწამებლური განცხადებების გამო, რომლებსაც საბოლოო ჯამში, ატარებს რა ანტისაბანკო პიარის ხასიათს, მთელი ეკონომიკისათვის არასასურველი შეუქცევადი პროცესები შეიძლება მოჰყვეს.

საბანკო სისტემა თავისი საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ნდობის ფაქტორზეა აგებული და შესაბამისად, მის საქმიანობაზე რეპუტაციულ რისკს მნიშვნელოვანი ზიანის მოხდენა შეუძლია. აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია საბანკო სექტორის, ცალკეული კომერციული ბანკებისა თუ მათი მესაკუთრეების მისამართით უაპელაციო, დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირება, მით უმეტეს მედიასაშუალებების მხრიდან.

სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევები უკვე აღარ არის და ამის ნათელი დადასტურებაა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი "თიბისი ბანკისა" და მისი ხელმძღვანელობის პოზიცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავიდა "რუსთავი 2"-ის ეთერში და ეხებოდა აღნიშნული პრობლემის აქტუალობას და ქვეყნისათვის იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც აღნიშნულმა ტენდენციებმა შეიძლება გამოიწვიოს.

ჩველ მთლიანად ვიზიარებთ რა ამ პათოსს, უნდა გვახსოვდეს, რომ კომერციული ბანკები არიან ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სისტემის მთავარი ქვაკუთხედი, ხოლო მათ საქმიანობას აქვს უდიდესი გავლენა არა მხოლოდ ეკონომიკისათვის, არამედ სახელმწიფოს სოციალურ მოწყობაზე, რადგან წარმატებული საბანკო სისტემა, საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

დღეს საქართველოს საბანკო სექტორი სამართლიანად ითვლება ქვეყნის ფინანსური ბაზრის ყველაზე წარმატებულ და მაღალი ნდობის მატარებელ სფეროდ. ნიშანდობლივია, ქართული საბანკო სექტორის წარმატებული ხასიათი, როგორც რეგიონალური ლიდერისა, დღეს აღიარებულია, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ.

საქართველოს ბანკების ასოციაცია აცხადებს, რომ საბანკო სისტემისადმი ნდობის შერყევა აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რაც აისახება საბანკო სექტორიდან არა მხოლოდ ინვესტიციების გატანაში, არამედ დეპოზიტების გადინებაში და ეს გარემოება არანაკლები საფრთხის შემცველია.

საქართველოს ბანკების ასოციაცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ქვეყანაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიტყვის თავისუფლების და სინდისის თავისუფლების დასაცავად და იგი ნებისმიერი ქვეყნის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

ნებისმიერი დავა კი უნდა ეფუძნებოდეს კერძო საკუთრების პრიმატს და იგი მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი გზით, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად უნდა იყოს გადაწყვეტილი და არა ცალკეული პირების თუ ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.