რომან გოცირიძე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართავს, პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართავს, პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს.

როგორც გოცირიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან ეკონომიკის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო შეკითხვებით მიმართა, რაზეც პასუხები ვერ მიიღო, რაც რეგლამენტის დარღვევაა.

„საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 2022 წლის 27 დეკემბერს პარლამენტის წევრის შემდეგი კითხვებით მივმართე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს: რა ეტაპზეა ნენსკრაჰესის მშენებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო? აპირებს თუ არა ინვესტორი კომპანია ჰესის მშენებლობის შეწყვეტას, როგორც ეს მოხდა ნამახვანჰესისა და ხუდონჰესის შემთხვევებში? გეგმავს თუ არა სახელმწიფო ნენსკრაჰესის მშენებლობაზე ახალი ტენდერის გამოცხადებას და აპირებს თუ არა სახელმწიფო მასში წილობრივ მონაწილეობას? რა მოცულობის თანხა დახარჯა ხუდონჰესის მშენებლობაზე ინვესტორმა კომპანია „ტრანსელექტრიკმა"? რამ განაპირობა ინვესტორისგან სახელმწიფოს მიერ პროექტის გამოსყიდვა? რას მოიცავს პროექტის გამოსყიდვის 13.5 მლნ. დოლარი და რამდენია აქედან კერძო პირებისგან მიწების გამოსყიდვის თანხა?

როგორც მოგეხსენებათ, 230 მლნ ლარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სესხის სახით გადაეცემა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“. რამ გამოიწვია მოცემული კორპორაციის თავისუფალი ფულადი სახსრების დეფიციტი და რატომ ვერ უზრუნველყოფს ის საკუთარი სახსრებით საბრუნავი ფულადი რესურსების ფორმირებას მაშინ, როცა როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო წელს საქართველო მიიღებს იმაზე მეტ უფასო გაზს ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენიდან, ვიდრე წინა წლებში? ბუნებრივი აირის ტარიფის შენარჩუნების მიზნით, რა მოცულობით სუბსიდირებას ახორციელებს კორპორაცია საკუთარი შემოსავლებიდან? ასევე მიმდინარე წლის 11 იანვარს პარლამენტის წევრის შემდეგი კითხვით მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს: კომპანია ,,Rothschild & Co“-ს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, უნდა შეემუშავებინა სტრატეგია საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე უნდა ემუშავა საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით. რა ეტაპზეა ეს ხელშეკრულება, რა სამუშაოები იქნა შესრულებული მოცემული კომპანიის მიერ, მოხდა თუ არა შესრულებული სამუშაოებისათვის ანაზღაურების გაცემა საქართველოს ბიუჯეტიდან და რა მოცულობით? არცერთმა მათგანმა დღემდე არ გაგვცა პასუხი, რაც კანონის უხეში დარღვევაა,"- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, საინტერესოა, რამ განაპირობა ინფორმაციის დამალვა და ხომ არ იმალება ამის უკან კორუფციის ფაქტები.

„ენერგეტიკული სფერო ფაქტობრივად ჩავარდა, ქვეყნიდან ყველა დიდი ინვესტორი გაიქცა, ამის უკან ბევრი საეჭვო მოძრაობები დგას. ხელისუფლების უნიათობისა თუ დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ დატოვა ნამახვანის ინვესტორმა ქვეყანა. მთავრობამ მიიღო დადგენილება, ხუდონის ინვესტორი გაუშვა და მას წასვლაში გადაუხადა 13 მილიონი დოლარი. ვეკითხები: გააგდეთ თუ თვითონ წავიდა? ფული რატომ მიაყოლეთ ზედ საჩუქრად? იქნებ 13-ის ნაცვლად, 3 მილიონი იყო გასასწორებელი და როგორც იციან ხოლმე 10 მილიონი ე.წ. ატკატებია? ნენსკრაჰესში რა ხდება, სადაა კორეელი ინვესტორი? წავიდა, გაიქცა, რაღაც ფული უნდა გაატანოთ? 13 მილიონი ჯარიმაა ხელისუფლების გადასახდელი? კიდევ ერთი საკითხი - ასეთი გაუგონარი რამ არ მომხდარა, რაც გაზის მიწოდება აღდგა საქართველოში. ნავთობის და გაზის კორპორაცია უფასოდ იღებს გაზს და ახლა ორჯერ მეტი გვრჩება უფასოდ - გატარებული გაზის 5 პროცენტი. უცბად 230 მილიონი ლარი გადაურიცხა ფინანსთა სამინისტრომ გაზის კორპორაციას და გაუგებარია, რატომ. პასუხი არის ასეთი - გაზს ვყიდულობთ უფრო ძვირად, ვიდრე შემდეგ ბაზარზე ვყიდით. რატომ მოხდა ამხელა ფასის გადარიცხვა, ეს კომპანია არის გაკოტრებული, ფაქტობრივად ამას ნიშნავს ეს. სიმდიდრეს, რომელიც გაზის გატარებისთვის გვერგება, თურმე ისე ანიავებენ, რომ გაზის შესასყიდი ფულიც არ აქვთ და 230 მილიონს მთავრობისგან ითხოვენ“, - განაცხადა გოცირიძემ.