”ნაციონალურმა მოძრაობამ” ბინის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთის შემცირების ინიციატივა წარადგინა

საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთის შემცირების ინიციატივის პარლამენტში წარდგენა მთავრობას "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასწრო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 19 თებერვლის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის, ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება.

საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილების პროექტი მთავრობის ინიციატივით პარლამენტში ჯერ არ შესულა, თუმცა პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით კანონპროექტი "ნაციონალურმა მოძრაობამ", კერძოდ კი, ოპოზიოციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა დაწერა, რომელიც პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია.

პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების ჩამონათვალს ფიზიკური პირების მიერ ბინის ან სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრა ემატება. კერძოდ, ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება.

როგორც მიხეილ მაჭავარიანი განმარტავს, კანონპროექტის მიზანია, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული საკანონდებლო ინიციატივის დაჩქარებაში ხელის შეწყობა და დაპირების დროულად შესრულებაში დახმარების აღმოჩენა.

ნათია ინაური