ვის შემოაქვს რუსეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით საწვავი - Top-5 კომპანია

რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტის წილი 70%-მდე გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში განხორციელდა 162,746 მლნ დოლარის ღირებულების (204,362 ტონა) ნავთობპროდუქტების იმპორტი, რაშიც რუსული პროდუქტის წილი სულ რაღაც 14% იყო. შარშან 2 თვეში რუსეთიდან შემოვიდა 23,128 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები (29,739 ტონა).

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ მსოფლიოში 158,355 მლნ დოლარის ღირებულების (196,491 ტონა) ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, აქედან რუსეთში 108,575 მლნ დოლარის (149,195 ტონა) ანუ მთლიანი იმპორტის 68,5%.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 კომპანიას, რომელმაც 2023 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და ნავთოპროდუქტები შემოიტანა: (შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • შპს ლაგუნა - კომპანია 2013 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის კახა კახიანი, დირექტორის პოსტი კი ლევან ხაინდრავას უკავია.
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია - რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს შვეიცარული სააქციო საზოგადოება LITASCO ფლობს. დირექტორი არის აზერბაიჯანის მოქალაქე ზაურ ჯალილოვი.
  • შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია - კომპანია 2019 წელს დაფუძნდა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, მისი 100%-იანი წილის მფლობელია შპს პ3, ამ უკანასკნელში კი 50-50%-ს ნოდარ და შალვა ხუხაშვილები ფლობენ.
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი) - კომპანიის 100%-იან წილს აშშ-ში რეგისტრირებული EnergyInvestment Venture Holdings-ი ფლობს. კომპანიის დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი.
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანია 2000 წელს დაფუძნდა. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მართავს სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრები არიან - ლევან ფხაკაძე და ნუგზარ აბრამიშვილი. კომპანიის დირექტორია ვასილ ხორავა.