ყაზახეთი ხორბლის საავტომობილო გზით იმპორტს აკრძალავს

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხორბლის საავტომობილო გზით შეტანას 6 თვის ვადით აკრძალავს. შეზღუდვა სათესლე ხორბალს არ შეეხება. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამჟამად შესაბამისი სამართლებრივ-ნორმატიული აქტის პროექტი საჯარო განხილვის პროცესშია.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „გადაწყვეტილება ნაკარნახევია ყაზახეთის მარცვლეულისა და ფქვილის ბაზარზე შექმნილი ვითარებით, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხორბლის უკანონო იმპორტი ართულებს.“

დარგობრივი ასოციაციების მონაცემებით, ქვეყანაში ე.წ სერი იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5-2 მილიონ ტონას აღწევს, ხოლო სახელმწიფოს მთლიანი ზარალი ყოველწლიურად 500 მლნ დოლარად არის შეფასებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კონტრაბანდული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი საავტომობილო გზით არის იმპორტირებული, ხოლო ქვეყანაში შეტანილი ხორბალი, დღგ-ს გადახდის გარეშე, ფერმერულ მეურნეობებზე რეგისტრირდება და ფარული რეექსპორტის სახით, სატრანზიტო ტარიფის გადახდის გარეშე ავღანეთსა და შუა აზიის ქვეყნებში იგზავნება.

ამასთან, შიდა ბაზარზე ფასები ეცემა. კერძოდ, 2022 წლის ივლისის დასაწყისიდან დღემდე ხორბლის ღირებულება ტონაზე 170-185 ათასი ტენგედან 80-85 ათას ტენგემდე (377-411 დოლარიდან 178-189 დოლარამდე) შემცირდა.

უწყების მონაცემებით, გასულ წელს ყაზახეთში ბოლო 10-წლიანი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოსავალი შეგროვდა. აღებულია 22 მილიონი ტონა მოცულობის მარცვლეული და პარკოსანი კულტურები, რაც წინა წელთან შედარებით, 35%-ით მეტია. ხორბლის მთლიანი მოსავალი 38,9%-ით გაიზარდა და 16,4 მლნ ტონა შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე მარცვლეულის დადებითი ბალანსი 10,4 მლნ ტონაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ