პრემიერი - ანტიკორუფციული ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას

მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას.

„ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ძირითად ფუნქციას. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ძლიერი კოორდინაციით, ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა. ბიუროს გააჩნია ანტიკორუფიცული პოლიტიკის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობისა და სათანადო რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება. ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაციები იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი მექანიზმი“, - განაცხადა პრემიერმა.