კვიპროსზე რუსეთის მოქალაქეების ანგარიშები მასიურად იბლოკება

კვიპროსმა რუსების წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა და რუსეთის მოქალაქეების საბანკო და საბროკერო მთლიანი ანგარიშების გაყინვა დაიწყო, თუ მათზე არსებული თანხა 100 000 ევროს აღემატება. რუსეთში უმსხვილესმა არასაბანკო ბროკერმა, BCS-მა დაბლოკვის შესახებ თავისი კლიენტები უკვე გააფრთხილა. ინფორმაციას Frank Media ავრცელებს.

BCS-ის პრესსამსახურში ამ ინფორმაციას ადასტურებენ. საბროკერო კომპანია განმარტავს, რომ ანგარიშების გაყინვა რუსი პირების აქტივებზე ევროკავშირის სასანქციე შეზღუდვებს უკავშირდება. BCS-ის ცნობით, შეზღუდვები ნებისმიერ უცხოურ ბროკერზე ვრცელდება, რომელიც Euroclear-ის დეპოზიტარში რუსი კლიენტების ანგარიშებს ფლობს.

სააგენტო RBC წერს, რომ რუსების დეპოზიტებზე ლიმიტი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში იქნა შემოღებული, თუმცა ადრე მხოლოდ 100 000 ევროზე მეტი თანხა იბლოკებოდა, ახალი წესებით კი დაბლოკვას ანგარიშზე არსებული მთელი ბალანსი ექვემდებარება. სააგენტოს წყაროს ცნობით, „ამჟამად 2022 წლის 25 თებერვლიდან დაგროვილ მთელ თანხას ბლოკავენ.“

კერძოდ, თუ გასული წლის 25 თებერვლიდან კლიენტის ანგარიშზე არსებულ 95 000 ევროს დივიდენდების, კუპონების, ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის ან სხვა ოპერაციების სახით 7000 ევრო დაემატა, მხოლოდ სანქციების ლიმიტს, ანუ 100 000 ევროს გადაჭარებული 2 000 ევრო კი არა, მთელი 102 000 ევრო დაიბლოკება.

ევროკავშირში რუსების ანგარიშებზე ლიმიტი 2022 წლის 26 თებერვლიდან დაწესდა. ამასთან, ევროპულ დეპოზიტარებს აეკრძალათ რუსეთის მოქალაქეებისთვის და ორგანიზაციებისთვის ნებისმიერი სერვისის გაწევა ევროში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გასაყიდად, რომლებიც 2022 წლის 12 აპრილის შემდეგ არის გამოშვებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ