პრეზიდენტი - ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია იცის რა არის ევროპა და რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან

არ შემიძლია არ გკითხოთ, რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა? ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია იცის, რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა რაც არ უნდა ეცადოს, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოს, ეს არ შეცვლის ხალხის თვალში პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას.

„ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთარი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც გასაგებად გეუბნებათ, რა მომავალი უნდა და სად არ უნდა. ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა - არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის. 2020 წლის 20 ივნისს გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა, არცერთი ფორმით და არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. 2023 წლის 7-8 მარტს, გითხრათ, როგორი მომავალი სურს, და რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას. ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია - ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისუფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება. რაც არ უნდა სიმართლე იყოს ის, რომ ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს, ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის. ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით - მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით, ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის, რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.