„კვლავ არსებობს საშიშროება, რომ ეს ბაზარი დავკარგოთ" - რა გამოწვევების წინაშე დგანან ავტო იმპორტიორები

საქართველოდან მსუბუქი მანქანების რეექსპორტი 10-წლიან მაქსიმუმზეა, როგორც რაოდენობრივ, ასევე თანხობრივ ჭრილშიც. 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 236.8 მლნ აშშ დოლარის 13 501 ავტომობილი გადაიყიდა. მონაცემები აღემატება როგორც პანდემიამდელ 2019 წელს, როცა 59.8 მლნ აშშ დოლარის 9 678 ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, ასევე, მეტია ყველა მონაცემზეც, რომელიც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე იძებნება. აღნიშნულ პორტალზე ეს მონაცემები 2014 წლიდან ქვეყნდება.

მიუხედავად ამისა, ქართული ავტო იმპორტიორთა ბაზარი დიდი გამოწვევის წინაშეა. ასოციაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარბაისელი ,,ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყნებში ალტერნატიული ბაზრების ჩამოყალიბებასთან ერთად, პრობლემაა საქართველოში მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებებიც.

„ჩვენ მუდმივად გვქონდა ჰაბის ფუნქცია და ვიყავით მეორადი ავტომობილების გამტარი. ახლების რეექსპორტიც ხდება, მაგრამ ძირითადად მაინც მეორადები. პანდემიის შემდეგ ბაზარი გაცოცხლდა და ძალიან სწრაფი ტემპით აღდგა. ახლა კი, კვლავ არსებობს საშიშროება, რომ ეს ბაზარი დავკარგოთ. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაჩნდა ალტერნატიული ბაზრები. მაგალითად, ამ ეტაპზე სომხეთი. იქაც არის ავტომობილების დიდი რაოდენობა როგორ პირდაპირ ჩვენი პორტიდან შესული, ასევე ჩვენგან რეექსპორტირებული. თან მათი დიდი ნაწილი ერთი საბაჟო კავშირის წევრია და ხშირად უკეთესი პირობებითაც სარგებლობენ. იქ ბაზრის ჩამოყალიბება აქტიურ ეტაპზეა.

აქვე, ვდგავართ მეორე გამოწვევის წინაშე, რომელიც გულისხმობს 2024 წლიდან აკრძალვას იმ ავტომობილების, რომელიც 2013 წლამდეა გამოშვებული. ანუ, მათ ქვეყანაში ვეღარ შემოვიყვანთ. სახელმწიფოს მხრიდან, ასეთი მკვეთრი ნაბიჯები ვფიქრობ, არამართებულია. მხოლოდ ბიზნეს და ჩვენს სექტორს კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც მიაყენებთ ზარალს.

არ შეიძლება ასე, ერთი ხელისმოსმით იქნას გადაწყვეტილება მიღებული, როცა ბრუნვა და ჩვენი შენატანები სახელმწიფო ბიუჯეტში ასეთი მასშტაბურია", - ამბობს დარბაისელი.

თამარ მუკბანიანი