იტალიური ღვინის ექსპორტი რუსეთში 16%-ით გაიზარდა - რომელ ადგილზეა საქართველო

რუსეთში ღვინის ექსპორტით იტალიამ 2022 წელს ესპანეთსა და საქართველოს გადაუსწრო და პირველი პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ იტალიის სოფლის მეურნეობის მწარმოებელთა ასოციაცია Coldretti-ის მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც „გაზეტა.რუ“ ავრცელებს.

იტალიამ, როგორც ღვინის პირველმა იმპორტიორმა ქვეყანამ, რუსეთის ბაზარზე 30%-იანი წილი დაიკავა.

მთლიანობაში, გასულ წელს იტალიიდან ღვინის ექსპორტი 16%-ით გაიზარდა და 172 მლნ ევროს მიაღწია. ამასთან, რუსეთში ექსპორტირებული იტალიური ღვინის 50%-ზე მეტი ცქრიალაა, რომლის ექსპორტმაც იტალიიდან 28%-ით მოიმატა და 90 მლნ ევროს გადააჭარბა. რაც შეეხება წითელ და თეთრი ღვინოებს, ქვეყნიდან მათი ექსპორტი 5%-ით, 81 მლნ ევრომდე გაიზარდა.

2022 წელს რუსეთმა, წინა წელთან შედარებით, უცხო ქვეყნებიდან ღვინის იმპორტი 10%-ით გაზარდა. კერძოდ, მთლიანობაში, გასული წლის იანვარ-დეკემბერში დისტრიბუტორებმა რუსეთში 405,1 მლნ ლიტრი ღვინო შეიტანეს, რაც, 2021 წლის 12 თვესთან შედარებით, 10%-ით მეტია.

საქართველო რუსეთში ღვინის უმსხვილეს იმპორტიორებს შორის მესამე ადგილზეა. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია სააგენტო RBC-მ ფედერალური საბაჟო სამსახურის არაოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით თებერვლის დასაწყისში გაავრცელა. თავად საბაჟო სამსახური 2022 წლის ღვინის იმპორტის მონაცემებს ოფიციალურად არ აქვეყნებს, რადგან ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება გასული წლის თებერვლის ბოლოდან, ანუ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან „არასწორი შეფასებების თავიდან ასაცილებლად“ შეჩერებულია.

2022 წელს საქართველოდან რუსეთში წინა წელზე 26%-ით მეტი მოცულობის, ანუ 58,68 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა, მაშინ, როცა 2021 წელს რუსეთში შეტანილმა ქართული ღვინის მოცულობამ 46,54 მლნ ლიტრი შეადგინა. თუმცა ფედერალურ საბაჟო სამსახურს უმსხვილეს იმპორტიორთა ტოპ 10-ეულში აფხაზეთი ტრადიციულად ცალკე ქვეყნად ჰყავს მოხსენიებული, რომელიც მე-7 პოზიციაზეა. უწყების მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს აფხაზეთიდან რუსეთში 27%-ით ნაკლები, ანუ 13,20 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 18,20 მლნ ლიტრს შეადგენდა. კლების მიუხედავად, აფხაზეთის მაჩვენებლის ჩათვლით, რუსეთში შეტანილი ღვინის მოცულობით საქართველო 71,88 მლნ ლიტრით მეორე პოზიციაზე გადადის. თუ აფხაზეთიანად საქართველოს ლიტრაჟობის მაჩვენებელი სიაში მეორეა, აფხაზეთის მაჩვენებლის გარეშე ქვეყანა წლიური პროცენტული მატების თვალსაზრისით სიაში, ასევე, მეორე ადგილს იკავებს. კერძოდ, წლიდან წლამდე რუსეთმა ღვინის იმპორტი ყველაზე მეტად პორტუგალიიდან, 27%-ით გაზარდა, ხოლო საქართველოდან რუსეთში 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 26%-ით მეტი ღვინო შევიდა, რაც პორტუგალიის შემდეგ ზრდის ყველაზე მეტი მაჩვენებელია.

ევროკავშირმა სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში რუსეთში 300 ევროზე მეტი ღირებულების ღვინის ექსპორტი აკრძალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ