ბორჯომში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება

ბორჯომში ტურისტული სეზონის დაწყებამდე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება იგეგმება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის ცენტრალურმა ბიუჯეტმა წელს მილიონ 900 000 ლარი გამოყო. სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტითაც.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, გზების, ქუჩების, ხიდების, სკვერების, შენობების, საყრდენი კედლებისა და გარე განათების, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის წელსაც პრიორიტეტულია.

"მოგეხსნებათ, ბორჯომი კურორტის სტატუსის მქონე ქალაქია, ამიტომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დიდად განაპირობებს ამ სტატუსის შენარჩუნებას, მის პოპულარიზაციას, ვიზიტორებისა და დამსვენებლის მოზიდვას", - აღნიშნავს გამგებელი. სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ბორჯომში ბარათაშვილის ქუჩაზე გზის მოასფალტება. პარალელურად დაიწყება სამუშაოები 300 არაგველის ქუჩაზეც.

გზების სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს ბაკურიანშიც, სადაც გზა დაიგება კოსტავასა და წერეთლის ქუჩებზე. უახლოეს მომავალში კი იგეგმება სოფელ მზეთამზეში გზის მშენებლობითი სამუშაოების ჩატარება. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, დაიწყება ახალი უბნის საფეხმავლო ხიდის შეკეთებისა და საყრდენი კედლების მშენებლობა.

ქალაქის ცენტრში არსებულ "სილამაზის ხიდზე" სავალი ნაწილი მოპირკეთდება. გაგრძელდება 9 აპრილის ქუჩის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, როგორც სამანქანო ასევე საფეხმავლო გზისა და მის გასწვრივ არსებული მოაჯირების გაკეთება. ამ ქუჩაზე დასრულდება ასევე წინა წელს დაწყებული მოსაცდელების მშენებლობაც.

ტენდერზეა გატანილი რამდენიმე სკვერის მოწყობის საკითხიც. იგეგმება ქალაქში "მტრედის ხიდის" მიმდებარედ არსებული სკვერის გაკეთება. მოსასვენებელი ადგილები მოეწყობა ასევე ლიკანსა და წაღვერში ცენტრალური მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე. №1 საჯარო სკოლასთან კი მოხდება ფეხით სავალი ნაწილისა და გარე განათების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება ქალაქის ცენტრში რუსთაველის ქუჩაზე მტკვრის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისათვის. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ჭავჭავაძის ძეგლიდან ფალიაშვილის ძეგლამდე სკვერის მოწყობა. გამგებლის განცხადებით, ტურისტულ სეზონს ბორჯომი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება, თუმცა ქალაქის გალამაზებისათვის ზრუნვა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.