თურქეთის პრეზიდენტი პირველი თურქული ელექტრომობილის მფლობელი გახდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს, 3 აპრილს, ოფიციალურად გახდა თურქული ელექტრომობილის Togg T10X-ის პირველი მფლობელი, რომლის მიწოდებაც სწორედ იმ დღეს დაიწყო.

ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში გამართულ ცერემონიაზე ერდოღანს, პირველ ლედისთან ემინ ერდოღანთან ერთად, გადაეცა ელექტრომობილი Togg T10X.

„დღეს ჩვენ ერთად ვართ ჩვენი ხალხის 60-წლიანი ოცნების რეალიზაციის მოწმენი“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ავტომობილს სამსახურებრივ მანქანად გამოიყენებს. მეორე ავტომობილი კი ერდოღანის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს უნდა გაეგზავნოს.

T10X-ის პირველი პარტიის მფლობელები ციფრული გათამაშებით შეირჩნენ. მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ ავტომწარმოებელს რაოდენობის გაზრდა მოუწია. კომპანია აპრილში 20 000 მანქანას გაგზავნის ახალ მფლობელებთან და არა 12 000-ს, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. შეკვეთების მიღებიდან მხოლოდ 21 დღეში კომპანიამ მოდელზე 177,400-ზე მეტი შეკვეთა მიიღო.

Togg T10X აგებულია საკუთარ მოდულურ პლატფორმაზე. ის თავდაპირველად გაიყიდება ერთი ძრავით და ორი ელემენტების პაკეტით: 52.4 კვტ/სთ და 88.5 კვტ/სთ სიმძლავრით, შესაბამისად, 314 და 523 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობით. T10X-ის პირველ ვერსიას 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7,6 წამში შეუძლია, ხოლო მეორე ვერსია, რომელიც მიწოდება 29 ოქტომბერს დაიწყება, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება. Togg T10X ბატარეების დატენვა შესაძლებელია 20%-დან 80%-მდე 28 წუთზე ნაკლებ დროში სწრაფი დატენვის სადგურებზე.

მოდელი 49,6-დან 63,5 ათას დოლარამდე ღირს.

2030 წლისთვის ბრენდი გეგმავს 1 მილიონი ავტომობილის წარმოებას.

კოკა კვირკველია