"თეგეტა მოტორსმა" და "მეწარმეობის განვითარების სააგენტომ" მემორანდუმი გააფორმეს

კომპანია "თეგეტა მოტორსსა" და "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" შორის 14 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში, "თეგეტა მოტორსი" მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურსის გამარჯვებულ ბენეფიციარებს, რომელთა ბიზნეს გეგმა დაკავშირებული იქნება კომპანიის საქმიანობის სფეროსთან, ტექნიკურ-საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული თანამშრომლობა სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ პროფესიონალურ ზრდას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის ფარგლებში კომპანია "თეგეტა მოტორსი", მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: მეწარმეთა საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი და ავტოსერვისისთვის მისი ვარგისიანობის რეკომენდება; ავტოსერვისის მომსახურებების სფერო (ზეთის გამოცვლა, ვულკანიზაცია, დიაგნოსტიკა, ავტოსამრეცხაო და ა.შ.); აზომვითი სამუშაოები, ტექნიკური ნახაზის შესრულება, დაგეგმარება; დანადგარების და აპარატურის შერჩევა; დანადგარებზე მუშაობის შესწავლა შპს "თეგეტა მოტორსის" ბაზაზე; დანადგარების მონტაჟი და საგარანტიო მომსახურება უთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში; სერვისისთვის საჭირო დანადგარების და ინსტრუმენტების სპეცფასებით მიწოდება ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში; მცირე ავტო მაღაზიის გახსნის მიზანშეწონილობის რეკომენდება; მაღაზიის შემთხვევაში პროდუქციის საბითუმო ფასებით მიწოდება; პროდუქციის ადგილზე მიწოდებით მომსახურება, ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში; საჭირო სასაქონლო მარაგების შექმნაში რეკომენდაციების მიცემა და საჭირო პროდუქტებში კონსულტანტის მომზადება; კადრების მომზადება.

2015 წლის 15 მარტიდან საქართველოს რეგიონებში, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, იდეის განსახორციელებლად თანადაფინანსება მოიპოვონ.