ტრამპის ქონება სოციალურ ქსელ Truth Social-ის ჩავარდნის გამო 20%-ზე მეტად შემცირდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება 20%-ზე მეტად შემცირდა. მთავარ მიზეზად სოციალურ ქსელ Truth Social-ის პროექტის წარუმატებლობა სახელდება, რომელიც ტრამპს 550 მლნ დოლარი დაუჯდა.

Forbes-ის გამოთვლით, თუ გასული წლის შემოდგომაზე ტრამპის ქონება 3,2 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, ამჟამად ის 2,5 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

ახალი სოციალური ქსელი, Truth Social კომპანია Trump Media & Technology Group-მა (TMTG) 2021 წლის ოქტომბერში ჩაუშვა, რისი ამოცანაც, TMTG-ის განცხადებით, „დიდი ტექნოლოგიების ტირანიასთან“ ბრძოლა იყო. ტრამპის მხარდამჭერები SPAC, ანუ სხვა კომპანიასთან შერწყმის მიზნით სპეციალურად შექმნილ Digital World Acquisition Corp-ში (DWAC) შევიდნენ, რომ Trump Media & Technology Group ბირჟაზე გაეყვანათ. ორ დღეში, როცა ტრამპის წილი კომპანიაში 730 მლნ დოლარი იყო, DWAC-ის აქციები 10-დან 175 დოლარამდე გაძვირდა და ბიზნესი 22 მლრდ დოლარად შეფასდა. 2021 წლის დეკემბრისთვის, TMTG-ის თითო აქციის ფასი 45 დოლარამდე მას შემდეგ დაეცა, რაც ტრამპის კომპანიამ სოციალური ქსელ Truth-ის ბეტავერსიის დასაწყებად დაანონსებულ ვადას გადააცილა.

ამჟამად TMTG-ის აქციები 14 დოლარად იყიდება, რაც, Forbes-ის შეფასებით, იმაზე მეტყველებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბიზნესი მხოლოდ 1,2 მლრდ დოლარი ღირს. თუმცა, გამოცემა წერს, რომ ეს შეფასებაც „აბსურდულად მაღალი ჩანს.“

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ Truth Social-ს, თითქმის, არავინ იყენებს,“ - წერს Forbes.

ერთ-ერთ მიზეზად გამოცემა ილონ მასკის მიერ 2022 წლის ოქტომბერში Twitter-ის შეძენას ასახელებს, რამაც ძირი გამოუთხარა მოსაზრებას, რომ მსოფლიოს Twitter-ის უფრო კონსერვატიული, ალტერნატიული ვერსია სჭირდებოდა. ამასთან, მასკმა Twitter-ზე ტრამპის ანგარიში განბლოკა.

Truth Social-ის გაშვებამდე მოელოდნენ, რომ 2026 წლისთვის აპლიკაცია 81 მილიონ მომხმარებელს მიიზიდავდა. თუმცა ამჟამად მათი რიცხვი მხოლოდ 5 მილიონს შეადგენს. Forbes-ის გამოთვლით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი Truth Social-ის, დაახლოებით, 85%-ს ფლობს, ხოლო Twitter თითო მომხმარებლისთვის 42 დოლარი ღირს, ყოფილი პრეზიდენტის წილი შეიძლება, 180 მლნ დოლარად შეფასდეს. თუმცა, გამოცემის ვარაუდით, ესეც გადაჭარბებული შეფასებაა.

Forbes დაასკვნის, რომ მაშინ, როცა Truth Social-ს თვეში, დაახლოებით, 100 000 მომხმარებელი ემატება, სოციალური ქსელი 81 მილიონი გამომწერის მიზანს მხოლოდ 2086 წელს მიაღწევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ