სტამბოლში ტაქსებს ”განგაშის ღილაკს” დაუმონტაჟებენ

”ამ გზით შესაძლებელი იქნება როგორც მძღოლების, ასევე მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა”

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტაქსის მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოების მიზნით მანქანაში ე.წ "განგაშის ღილაკებსა" და სათვალთვალო კამერებს დაამონტაჟებენ.

"ბიბისის" ცნობით, უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟება, რომელსაც კერძო კომპანია უზრუნველყოფს, ნებაყოფლობითია. ტაქსის მძღოლის სურვილის შემთხვევაში, ერთ ღილაკს მძღოლის მხარეს, მეორეს კი მგზავრის სკამის მხარეს დაამონტაჟებენ. ხოლო სათვალთვალო ვიდეოკამერებს როგორც ავტომობილის სალონში, ასევე მანქანის გარეთ განათავსებენ. ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, განგაშის სიგნალი უსაფრთხოების ცენტრში იგზავნება, რის შემდეგაც ცენტრი შესაბამის უწყებას დაუკავშირდება.

"თუ გადავწყვეტთ, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ ინცინდენტთან, პოლიციის დეპარტამენტს შევატყობინებთ. თუ მძღოლს სჭირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საავადმყოფოში ვრეკავთ", - განაცხადა უსაფრთხოების კერძო კომპანია Evre Security-ის ხელმძღვანელმა, ერქან გუნეიმ.

სტამბოლის ტაქსის მძღოლების სამსახურის დირექტორის თქმით, ამ გზით შესაძლებელი იქნება როგორც მძღოლების, ასევე მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თურქული მედიის ცნობით, ტაქსის მძღოლებზე თავდასხმის შემთხვევაში პოლიციას არ აქვს საკმარისი სამხილი მომხდარის გამოსაძიებლად. ახალი უსაფრთხოების სისტემა კი გამოძიების პროცესს გაამარტივებს.