ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი წელს გაიხსნება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი წელს გაიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ და პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე მოეწყო ბაზა, სადაც სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო ქარხნები და პერსონალისთვის საცხოვრებელი კემპები განთავსდა. ამ ეტაპზე ახალ სამშენებლო მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზა. ასევე, განხორციელდება ხელოვნური ნაგებობების: 2 სატრანსპორტო კვანძის, 4 სახიდე გადასასვლელის, 20 წყალგამტარი რკინაბეტონის მილისა და 3 სამეურნეო გასასვლელის მშენებლობა.

მის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ქუვეითურმა კომპანიამ Copri Construction Enterprises W.L.L-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ ლარზე მეტია. აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის (კმ19-კმ31) მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული მაგისტრალის, აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 ადამიანი და აქედან 40% ადგილობრივი მოსახლეა. სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, დამატებით 150 ადამიანი დასაქმედება. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადაა 2 წელი, 6 კილომეტრზე სამშენებლო სამუშაოები კი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და მოძრაობა გადაირთვება.