შესაძლოა,  ქუთაისი-კიევი, კიევი-ქუთაისის რეისები აღარ გაუქმდეს

უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა შესაძლოა, უკრაინაში თავისი წარმომადგენლობა შეინარჩუნოს.

ამის შესახებ მოლაპარაკებებს კომპანიის ხელმძღვანელობასთან უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებს. "Wizz Air-ი უკრაინაში დარჩება მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია დაინახავს, რომ რისკები შემცირდა", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

რამდენიმე კვირის წინ კომპანია Wizz Air-ში განაცხადეს, რომ ისინი კიევში წარმომადგენლობას ხურავენ, რის შედეგადაც კიევიდან და კიევის მიმართულებით რვა ავიარეისი 20 აპრილის შემდეგ გაუქმდებოდა. მათ შორის იყო ქუთაისი-კიევი, კიევი-ქუთაისის რეისები. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, შენარჩუნდება თუ არა საქართველოს მიმართულებით ფრენები იმ შემთხვევაში, თუ უნგრული ავიაკომპანია უკრაინაში წარმომადგენლობას არ დახურავს.