მცდარი და დაუსაბუთებელი - სანქცირებული ყოფილი მოსამართლე აშშ-ს გადაწყვეტილებაზე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ და მათი ოჯახის წევრებს გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.

სანქცირებულებს შორის მოხვდნენ მოსამართლეები: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.

ყოფილი მოსამართლე, ვალერიან ცერცვაძე ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და გადაწყვეტილებას მცდარსა და დაუსაბუთებელს უწოდებს.

,,მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება, აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას" - წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

თამარ მუკბანიანი