რა თანხა გამოიმუშავა ობამების ოჯახმა გასულ წელს

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გასულ წელს 477 383 დოლარის გამომუშავება შეძლეს.

ბარაკ და მიშელ ობამას შემოსავლების შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის მიერ საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნების შედეგად გასაჯაროვდა. წყვილმა გადასახადების სახით 2014 წლის განმავლობაში 93 362 დოლარი გადაიხადეს. აშშ-ის პირველი პირისთვის საშემოსავლო გადასახადმა მთლიანი თანხის 19,6 პროცენტი შეადგინა. ამას გარდა, ბარაკ და მიშელ ობამებმა შემოსავლების 14 პროცენტზე მეტი, კერძოდ, 70 712 დოლარი 33 საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხეს. მისი დიდი ნაწილი - 22 012 დოლარი "ფიშერ ჰაუზს" ერგო, რომელიც ამერიკელი სამხედროებისა და მათი ოჯახების სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ობამების ოჯახის გასული წლების შემოსავლებს, ყველაზე მეტი მათ 2009 წელს გამოიმუშავეს, რამაც 5,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო 2008 წელს, როდესაც ობამა პრეზიდენტად აირჩიეს, მისი ოჯახის შემოსავალმა 2,7 მილიონ დოლარს მიაღწია, 2010 წელს - 1,7 მილიონს, 2011 წელს - 790 ათასს, 2012 წელს - 608 ათასს, ხოლო 2013 წელს - 481 ათასს. როგორც ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, ბარაკ და მიშელ ობამების შემოსავალი ყოველ წელს იკლებს.