„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ მთავრობას მიმართავს, პურის ქარხნებს დაუბეგრავი რეჟიმით იმ რაოდენობის ფქვილი მიაწოდოს, რაც ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობადაა საჭირო

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ მთავრობას ინიციატივით მიმართავს, რომ პურის ქარხნებისთვის მუდმივად იყოს მიწოდებული დაუბეგრავი რეჟიმით იმ რაოდენობის ფქვილი, რომელიც ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად არის საჭირო.

როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლევან სილაგავა განმარტავს, აღნიშნული ინიციატივის მიზანია, პურის ქარხნებმა ყველაზე იაფი ფქვილი მიიღონ.

რაც შეეხება ფქვილის მოხმარებას, როგორც სილაგავა განმარტავს, პურის ქარხნებს თვეში 7000 ტონა ფქვილი სჭირდებათ პურის გამოსაცხობად.

„ჩვენი ახალი ინიციატივა შემდეგში მდგომარეობს, რომ მუდმივად იყოს მიწოდებული პურის ქარხნებისთვის დაუბეგრავი რეჟიმით იმ რაოდენობის ფქვილი, რომელიც საჭიროა ე.წ. სოციალური პურის გამოცხობისთვის. ანუ, იმ რეჟიმით, რაც დღეს გვაქვს. ცხადია, ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ქარხნებმა ყველაზე იაფი ფქვილი მიიღონ. დღეს, იმპორტირებული ფქვილი არ იბეგრება.

ჩვენი შეთავაზება არის ორ კომპონენტიანი, პირველი: 7 ათასი ტონა ფქვილი ყოველ თვე კვოტირებულად გათავისუფლებული იყოს იმპორტის დროს ყველანაირი გადასახადისგან. სწორედ 7000 ტონა ფქვილი სჭირდება პურის ქარხნებს იმისთვის, რომ ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პური გამოაცხონ.

დანარჩენი ფქვილი, რომელიც სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმზე გამოიყენება, ასევე გერმანულ და ავსტრიულ პურზე, ამ მიმართულებით შემოღებული იყოს ფქვილის იმპორტზე დაბეგვრის რეჟიმი. ეს იქნება დამაბალანსებელი, საშუალებას მისცემს წისქვილკომბინატებს, რომ ამუშავდნენ და ხორბალი მიიღონ ადგილობრივი ფერმერებისგან.

ეს ყველაფერი გარანტირებულად გვაძლევს ვითარებას, როდესაც ყველაზე იაფი ფქვილი აქვს პურის ქარხნებს, შესაბამისად, ინარჩუნებენ პურის ფასს“,- აღნიშნა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“.