შვეიცარიის მთავრობამ Credit Suisse-ის ხელმძღვანელებს 66 მილიონი დოლარის პრემია გაუუქმა

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ (მთავრობამ) ფინანსთა სამინისტროს დაავალა გააუქმოს პრემიები Credit Suisse-ის 1000 მაღალი დონის მენეჯერისთვის, საუბარია საერთო ჯამში 60 მილიონი შვეიცარიულ ფრანკზე ($66,1 მილიონი) - ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.

გარდა ამისა, პირველი დონის მენეჯერებს ხელფასი 50%-ით შეუმცირდებათ, ხოლო მეორე დონის მენეჯერებს - 25%-ით.

„ასეთი დიფერენცირებული მიდგომა ითვალისწინებს Credit Suisse-ის უფროსი მენეჯმენტის პასუხისმგებლობას ბანკის ამჟამინდელ პოზიციაზე“, - ნათქვამია ფედერალური საბჭოს განცხადებაში.

მთავრობის განცხადებით, შვეიცარიის საბანკო კანონის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, მას შეუძლია ხელფასების რეგულირებასთან დაკავშირებული ზომები შემოიღოს, თუ სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკი დახმარებას პირდაპირ ან ირიბად მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ინვესტორებმა სამშაბათს აქციონერთა კრებაზე ხმა მისცეს მენეჯმენტისთვის პრემიების გადახდას.

19 მარტს შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ დაამტკიცა UBS-ის მიერ Credit Suisse-ის შესყიდვა და გარანტიები მისცა ქვეყნის ეროვნულ მარეგულირებელს Credit Suisse-ისთვის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად. გასხვისების გარიგების თანხა 3 მილიარდი ფრანკია (3,24 მილიარდი დოლარი). ბანკების შერწყმა სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება.

მანამდე Credit Suisse-მა გამოაქვეყნა ანგარიში შიდა კონტროლის არარსებობის შესახებ, ხოლო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ულრიხ კერნერმა Bloomberg-თან ინტერვიუში მომხმარებელთა გადინების გაგრძელების შესახებ განაცხადა.

კოკა კვირკველია