თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით 7 წლიანი პაუზის შემდეგ რეისი შესრულდა

7 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით, "ჯორჯიან ეარვეისმა" გუშინ ფრენა განახორციელა.

როგორც  "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა განაცხადა, აღნიშნული რეისი რუსეთის მხრიდან მიღებული ერთჯერადი ნებართვის საშუალებით შესრულდა. მისივე თქმით, 15 აპრილისთვის გაირკვევა, შეძლებს თუ არა "ჯორჯიან ეარვეისი" სანკტ-პეტერბურგისა და სამარას მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულებას. "მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარის მხრიდან ნებართვის გაცემა ყოვნდებოდა, ჩვენ გუშინწინ საღამოს რეისის შესრულებაზე მივიღეთ ნებართვა და გუშინ სანკტ-პეტერბურგში პირველი რეისი შესრულდა. ეს იყო ერთჯერადი ნებართვა, არ ვიცით, სამომავლოდ მოგვცემენ თუ არა ფრენის საშულებას", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, თუ რუსული მხარე ნებართვას გასცემს, ამ შემთხვევაში "ჯორჯიან ეარვეისი" პირველ ეტაპზე, ფრენას კვირაში 2-ჯერ გეგმავს და გარდა ამისა, 15 აპრილიდან, ან აპრილის ბოლოდან თბილისი-სამარას რეისის შესრულებასაც დაიწყებს. "ჩვენ გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა, რომ მრავალჯერადი ნებართვა მოგვცენ. ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში ეს ყველაფერი დარეგულირდება და 15 აპრილისთვის გაირკვევა, მოხდება თუ არა რეისების გაგრძელება", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელ რეისზე თბილისიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით სულ 3 მგზავრი გაფრინდა, თუმცა იქედან მგზავრთა რაოდენობა შედარებით მეტი იყო, ამის მიზეზად იასე ზაუტაშვილი რეისთან დაკავშირებით მოსახლეობის არაინფორმირებულობას ასახელებს. "თუკი ნებართვები იქნება, მაშინ ხალხს მივაწოდებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პეტერბურგში რეისები იქნება", - აღნიშნა ზაუტაშვილმა.