2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის რუსეთში სტადიონების მშენებლობაზე უცხოურ მასალას აღარ გამოიყენებენ

დიმიტრი მედვედევის განკარგულებით, უცხოური წარმოების მასალას რუსული ანალოგით ჩაანაცვლებენ

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განკარგულებით, 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონის მშენებლობაზე უცხოურის მაგივრად, რუსული წარმოების მასალას გამოიყენებენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ქვეყნის პრემიერმა უკვე მოაწერა ხელი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის პრემიერმა განკარგულება გასცა, ცვლილებები შევიდეს სახელმწიფო კონტრაქტების პირობებში.

"2018 წელს გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აშენებული სტადიონების საპროექტო დოკუმენტაცია კორექტირებული იქნება უცხოური წარმოების მასალის რუსული ანალოგით ჩანაცვლების ნაწილში", - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთის სპორტის სამინისტროს სახელმწიფო კონტრაქტები აქვს დადებული სტადიონების მშენებლობაზე სამარაში, ვოლგოგრადში, როსტოვში, ნიჟნი ნოვგოროდში. თითოეული კონტრაქტის ხანგრძლივობა 3 წელს აჭარბებს და მისი ღირებულება 100 მილიარდ რუბლზე მეტია.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. რუსეთი პირველად მასპინძლობს მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში.