რა ღირს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რესტორანში სერვისი

დღემდე ზოგიერთ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ე.წ. ”ჩაის” დატოვება მექრთამეობის ერთ-ერთი სახეა.

თავის დროზე, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რესტორნებში წესად შემოიღეს მიმტანისთვის ე.წ. "ჩაის" დატოვება, ბევრმა ამ მოსაზრებას სკეპტიკურად შეხედა. დღემდე, ზოგიერთ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ეს მექრთამეობის ერთ-ერთი სახეა.

აშშ-სგან განსხვავებით, სადაც "ჩაის" მიცემა ჩვეულებრივი მომენტია, ფრანგები და ავსტრალიელები რესტორნებში ფულს ზუსტად წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად იხდიან. "ჩაის" დატოვების კულტურა არ არსებობს არც შვედეთსა და იაპონიაში. ისრაელში კი კარგ ტონად ითვლება "ჩაის ფულის" მიცემა შეკვეთის ღირებულების 10%-ის ოდენობით.

ხშირად "ჩაის" თანხას რესტორნის ტიპი და კონკრეტული რეგიონი განსაზღვრავს.

ჩინეთი

ჩინეთის დედაქალაქში მოქმედ რესტორნებში ე.წ. "ჩაი" კერძის თანხაშია შესული. თუმცა, ქვეყნის მსხვილ ქალაქებში მაინც მიღებულია "ჩაის" დატოვება და ეს თანხა ანგარიშის 0-3 პროცენტს შეადგენს. ჩინეთის რესტორნებში მიმტანის საშუალო ანაზღაურება ყოველთვიურად 2 823 იუანს შეადგენს (დაახლოებით 455 დოლარი), კერძის საშუალო ღირებულება კი 40-70 იუანია (6-12 დოლარი).

ისლანდია

2013 წელს ისლანდიაში ფასების დონემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით 12% შეადგინა, 2015 წელს კი ექსპერტები ისლანდიაში ფასების 20%-ით ზრდას პროგნოზირებენ. რაც შეეხება რესტორნებს, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ რესტორნებში მომსახურების 15% ანგარიშში არის შეტანილი. ისლანდიაში მიმტანის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 389 059 ისლანდიურ კრონს, დაახლოებით 2 850 დოლარს შეადგენს, რესტორანში კერძის საშუალო ღირებულება კი დაახლოებით 15-23 დოლარს.

კოლუმბია

კოლუმბიაში კარგ ტონად ითვლება, თუ რესტორანში შესული მომხმარებელი საბოლოო ანგარიშის 5-10 პროცენტს დაუტოვებს მომსახურე პერსონალს. თუმცა, ანგარიშში ასევე შესულია მომსახურების მოსაკრებელი - 10%. კოლუმბიაში მიმტანის ყოველთვიური საშუალო ხელფასი დაახლოებით 415 დოლარს შეადგენს, რესტორანში ერთი კერძის ღირებულება კი დაახლოებით 8-12 დოლარია.

ესპანეთი

ადგილობრივ მოსახლეობაში "ჩაის" გადახდა არ არის მიღებული. თუმცა, ბარებსა და პატარა რესტორნებში ესპანელები ჩაის ტოვებენ ხურდა ფულად. უმრავლეს რესტორანში მიღებულია დატოვო 5-სა და 10 პროცენტს შორის.

დიდი ბრიტანეთი

ჩაის რაოდენობა შეადგენს 10-15%-ს. თუ მომსახურების ღირებულება შესულია ანგარიშში, მაშინ ჩაის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს. პაბებში ბართან ჩაის არ ტოვებენ.

ისრაელი

"ჩაის" მიცემა მიღებულია რესტორნებში, კაფეებსა და გასართობ დაწესებულებებში საერთო ღირებულების 10%. თუ კლიენტს არ აქვს ხელზე ნაღდი ფული, მაშინ ზოგიერთ რესტორანში შეიძლება "ჩაის ფული" შეიყვანო შეკვეთის საერთო ანგარიშში, თუმცა გადახდამდე ამის შესახებ მიმტანს უნდა უთხრათ.

ამერიკა

აშშ-ის 50-დან 41 შტატში თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოიმუშავებენ ე.წ. "ჩაის" მეშვეობით, დამქირავებელი საათში 5 დოლარს უხდის. ამერიკაში მოქმედი რესტორნების უმრავლესობაში მომხმარებელი ვალდებულიც კი არის, მომსახურე პერსონალს ე.წ. "ჩაი" დაუტოვოს, რაც მინიმუმ ანგარიშის 15-25 პროცენტი არის ხოლმე. ნიუ იორკში ჩაის ფული შეადგენს ანგარიშის 18-25%-ს. აშშ-ში მიმტანის ყოველწლიური საშუალო ანაზღაურება 47 ათასი დოლარია, რესტორანში ერთი კერძის ღირებულება კი 14-22 დოლარია.