მორიგი რეკორდი - მარტში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მორიგ რეკორდულ მაჩვენებელზეა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 31 მარტისთვის მთლიანმა რეზერვებმა 5,003 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს კი 283,6 მლნ დოლარით მეტია მიმდინარე წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი რეზერვები 973,1 მლნ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის მარტში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4,030 მლრდ დოლარს, 2023 წლის თებერვლისთვის კი 4,720 მლრდ დოლარს.

რაც შეეხება რეზერვების სტრუქტურას, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,525 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს - აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე. მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,198 მლრდ დოლარი და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,327 მლრდ დოლარი.

ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.